თეგებით ძიება

"სახელმწიფო ვალი 2021 წლის ბოლოს ₾30.5 მილიარდს მიაღწევს" - საერთაშორისო გამჭვირვალობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს. დოკუმენტში „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტია მიმოხილული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2021 წელს 3.2 მილიარდ ლარამდე ვალს აიღებს, თუმცა, ამავდროულად, 2.6 მილიარდი ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. მთავრობა ასევე 2008 წელს გამოცემული 500 მილიონი ევროს ღირებულების ობლიგაციების დაფარვას გეგმავს, ვალის დასაფარად კი წელს მოზიდულ საერთაშორისო დახმარებებს გამოიყენებს.

2021 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 30.5 მილიარდ ვალს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 59% იქნება და კანონით დაშვებულ ზღვარს (მშპ-ის 60%) მიუახლოვდება.

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 27 მლრდ ლარია, რაც მშპ-ის 54%-ია. აქედან 8 მილიარდი ლარის ვალს მთავრობა 2020 წლის ბოლომდე აიღებს.

"საქართველოს სახელმწიფო ვალის 80%-მდე საგარეო ვალზე მოდის. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის ვარდნის შემთხვევაში, ლარში გამოხატული საგარეო ვალი და მისი თანაფარდობა მშპ-თან (რაც ეკონომიკის მიმართ ვალის ტვირთის მაჩვენებელია) გაიზრდება.

შესაბამისად, ვალის ტვირთისთვის ლარის გაუფასურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. ლარის გაუფასურებასთან ერთად, ვალის ზრდას ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტი იწვევს", - წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ განხილული დოკუმენტი ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის.

"ვინაიდან „კორონავირუსული” პანდემია ეკონომიკური ტენდენციების პროგნოზირებას ართულებს, არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს", - ვკითხულობთ TI-ის ანგარიშში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა