ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
„ბოლო თვეებში ინფლაციის დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იქნება. ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განაპირობებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გავლენა მომავალ პერიოდებშიც შენარჩუნდება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო მოთხოვნის კლება. კორონავირუსის გააქტიურებისა და პანდემიის გახანგრძლივების მოლოდინების ფონზე, 2021 წელს, წინა პროგნოზებთან შედარებით, გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენა უფრო ნელი ტემპით არის მოსალოდნელი, რაც საგარეო მოთხოვნაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე, გაითვალისწინა გაურკვევლობა, რომელიც ვირუსის გავრცელების დაჩქარებასა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
„წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აგვისტოში წლიურად 5.3 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ძირითადად წინა თვეებთან შედარებით, ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება განაპირობებს, რაც ფისკალურ სტიმულს, საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება. საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია. წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში წლიურად შემოსავალი 95 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს, საქონლის ექსპორტზე მოთხოვნამ გაუმჯობესება განაგრძო და იანვრის შემდეგ პირველად, სექტემბერში წლიურად 8.6 პროცენტით გაიზარდა.
გრძელდება ფულადი გზავნილების მაღალი ზრდაც. შედარებით გაუმჯობესებული ადგილობრივი მოთხოვნის ფონზე, საქონლის იმპორტი სექტემბერში წლიურად ცხრა პროცენტით შემცირდა, რაც წინა თვეებთან შედარებით უფრო ნაკლები მაჩვენებელია.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 9 დეკემბერს ჩატარდება.
წყარო: 1tv.ge