"პროდასავლური პოლიტიკური ძალები არჩევნებში არ დამარცხებულა! ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება განწირულია!“ "დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება
„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა შემდეგი განცხადება:
„ საარჩევნო ბატალიები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე გვაჩვენა ძალადობის და არჩევნების გაყალბების ისეთი მასშტაბი, რომელმაც საზოგადოების ყველაზე უფრო ცუდ მოლოდინებსაც კი გადააჭარბა.
ბრძოლა გრძელდება და უნდა გაგრძელდეს კიდეც ივანიშვილის რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბების და ძალაუფლების მიტაცების წინააღმდეგ! ვფიქრობ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით:
1. 31 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების მიერ გაყალბებულ საარჩევნო ოქმებშიც კი აშკარად ჩანს უამრავი არითმეტიკული და სხვა სახის შეუსაბამობა და დარღვევები, რაც აუცილებლად ოფიციალურად უნდა გასაჩივრდეს. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის არჩევნებში საერთო გამარჯვებულის გამოვლენას (საპარლამენტო მანდატების საჭირო რაოდენობის და მთავრობის დაკომპლექტების უფლების მოსაპოვებლად) ეს რამდენიმე პროცენტიც კი წყვეტს, ამიტომ ამის დათმობა არაფრით არ შეიძლება!
2. ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი აქტიური მოქმედებით უნდა შეიკრიბოს ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ყველა ფაქტობრივი, დოკუმენტური მასალა, რომელიც შეიძლება გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას რათა ვიქონიოთ მათგან შესაბამისი რეაგირების და მხარდაჭერის იმედი
3. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს პერმანენტული ქუჩის საპროტესტო აქციები (სასურველია არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც) ივანიშვილის ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების და ძალაუფლების უკანონო გზებით მიტაცების მცდელობის გასაპროტესტებლად!
4. ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაცია, მათივე გაყალბებული არჩევნებითაც კი, ძალიან დაბალია, ამიტომ შესაძლოა აზრი აქვს პროტესტის სხვა უფრო მძაფრ ფორმებსაც (როგორიცაა მაგალითად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირება და სხვა).
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის საერთო, ობიექტური კონტექსტიც, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობაზე :
1. ამ არჩევნების პროცესმა ნათლად დაგვანახა თუ სად გადის ივანიშვილის რეჟიმის შესაძლებლობების ზღვარი. ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით ივანიშვილის ყველა რესურსი ამოწურულია!
2. თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის ხელისუფლების რეიტინგის ობიექტურად დაღმავალ ტენდენციას და ამასთან ერთად ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას, რომელიც პერმანენტულად მძიმდება, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ივანიშვილის რეჟიმს დიდი დღე ისედაც არ უწერია.
3. დაბალი ლეგიტიმაცია და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია ის ობიექტური ფაქტორებია, რომელიც განაპირობებს ივანიშვილის რეჟიმის მოახლოებულ კატასტროფას. ეს ობიექტური, გარდაუვალი პროცესია და მას ვერაფერი შეაჩერებს!
ასე რომ საკითხავია ვინ არის გამარჯვებული და ვინ დამარცხებული! ბრძოლა გრძელდება!
წყარო:newposts.ge