თეგებით ძიება

"ლელო" გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს, როგორც პარტიაში აცხადებენ ისინი ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის იბრძვიან

"ლელოს" ლიდერებმა, გიგლა მიქაუტაძემ, გრიგოლ გეგელიამ და ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგი გამართეს. მათ არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრეს.

"ლელოს" ლიდერების თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

"ლელოს" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის თქმით, ქართველი მოსახლეობა და ოპოზიციური ძალა იბრძვის არა მხოლოდ ახალი არჩევნებისთვის, არამედ სამართლიანი გარემოსთვის, რომელიც ქვეყანაში უნდა შეიქმნას.

მისივე თქმით, არჩევნების მთავარი სამიზნე "ლელო" იყო, პარტია, რომელსაც ხმები დააკლეს.

"ის, რომ არჩევნები გაყალბდა, ყველასთვის ნათელია. ამ სისტემაში, საერთოდ, აზრი ეკარგება არჩევნებს და ჩვენი პროტესტიც ამას უკავშირდება. თუ ეს სისტემა ძირფესვიანად არ შეიცვლება, ყველა შემდეგი არჩევნები რომელიც ჩატარდება, არ იქნება თავისუფალი, ამ ბუტაფორიულ დემოკრატიას აზრი ეკარგება. ჩვენ ვიბრძვით ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის. დღეს ასე არ არის, რადგან ამ არჩევნების მთავარი სამიზნე იყო "ლელო", რომელსაც ათიათასობით ხმა დააკლეს და დაუწერეს პროცენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს. ჩვენ მივიღეთ იმაზე მეტი ხმა, რასაც საარჩევნო კომისია წერს. მაგალითად გლდანში ბალანსს ვერ ადგენდნენ მე-17 საარჩევნო უბანზე, სადაც 14 ხმა მივიღე, გადახაზეს 1 და დატოვეს 4 ხმა. ასეთი მაგალითები არის მრავლად. ყველა ოლქში გაყალბდა ხმები. პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს ისე, როგორც ხალხს სურს და არა ისე, როგორც ივანიშვილს. ამიტომ ახალი არჩევნები აუცილებელია,"- განაცხადა მიქაუტაძემ.

არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე ისაუბრა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ.

"ეს არის არჩევნების ტოტალურად გაყალბების მცდელობა, რომელიც დასრულდება კრახით. და რომელიც აუცილებლად დასრულდება ვადამდელი არჩევნებით, სადაც ხალხი გამოხატავს თავის ნებას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ, სანამ არ დადგება ის სამართალი, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის. ვისაუბრებ რუსთავის მაგალითზე, სადაც არჩევნები ჩატარდა სრულიად გაუმჭვირვალედ. წინასაარჩევნო პერიოდში კი ადგილი ჰქონდა მოსყიდვას, შანტაჟს და დაშინებას, რაც გაგრძელდა არჩევნების დღის ჩათვლით. ამ ქვეყანაში არჩევნები არ არის პროგრესისა და განვითარების ინსტრუმენტი, არამედ ის მოიაზრებს დაშინებას და შანტაჟს. რასაც ჩვენ შევცვლით და არჩევნები გახდება ხვალინდელი დღის გარანტი. რუსთავის უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების მიმართ მუდმივად მიმდინარეობდა სხვადასხვა ზეწოლა. მათ მოუწოდებდნენ, რომ ისინი არ ყოფილიყვნენ ადეკვატური დამკვირვებლები. მათ ლეგიტიმურ საჩივრებს არ იღებდნენ, მაგალითად, 54-ე უბანზე დილიდანვე ასეთი ფაქტები დაფიქსირდა. 34-ე უბანსაც გავიხსენებ, სადაც კამერა ისე იყო მიმართული, რომ არ აფიქსირებდა მიმდინარე მოვლენებს. მე-9 უბნის წინ მიმდინარეობდა პარტიულ-პოლიტიკური აგიტაცია. 29-ე უბანზე არ აღირიცხებოდნენ არჩევნებზე შემსვლელი ადამიანები. ეს არის იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ხელთ გვაქვს. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა აღდგეს,"- აცხადებს გეგელია.

ნაძალადევის ოლქებში კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ჩერქეზიშვილმა. მისი განცხადებით, "ლელო" არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას და თითოეული ხმის დასაცავად იბრძოლებს.

"დღეს ყველასთვის ცხადია, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. არ დარჩენილა ოლქი, სადაც ხმები არ გაყალბებულა. კერძოდ, ჩემს რაიონზე, ნაძალადევზე ვისაუბრებ, სადაც პროპორციულ და მაჟორიტარულ ნაწილში 6971 ბიულეტენია ბათილად ცნობილი. რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე მოსული ათასობით ადამიანის ხმა გაბათილდა. ამის გარდა, დაკარგულია 670 ბიულეტენი. 103 უბნიდან 35 უბანზე გვაქვს პლიუსი და 103 უბნიდან 90 უბანზე გვაქვს მინუსი. "ლელო" ამ ყველაფერს არ შეეგუება და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ნებასა და ხმას,"- აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა