შევხვდეთ ამ კვირაში, 29 რიცხვამდე. მე მზად ვარ და მივიღებ ნებისმიერ ფორმაში - პრეზიდენტი ივანიშვილს შეხვედრას სთავაზობს
თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული ვარიანტი, ეს დიალოგი, არის მეორე ვარიანტიც - მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
ზურაბიშვილის განმარტებით, რეჟიმის ჩამოშლაში არავის ხელი არ ურევია, გარდა ძალაუფლების მქონე პირებისა, რომლებიც დროულად ვერ მიხვდნენ, ამ ქვეყანას როგორ უნდა მოპყრობოდნენ.
“ეს კრიზისი ისეთ ფაზაში გადავიდა, რომ არც ერთი გამოსავალი აღარ დაგვიტოვა. ჩვენ კი ვცადეთ და გამოვცადეთ ყველა შესაძლო საშუალება, რაც არსებობდა სამართლებრივად იმისთვის, რომ ეს კრიზისი დაძლეული ყოფილიყო, სანამ ამ მასშტაბებს შეიძენდა. ეს იყო ის სასამართლო დავები, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შედეგს - ეს არის ჩვენი სასამართლოს სავალალო მდგომარეობა.
უნდა შევუსწორო აქ ირაკლი კობახიძეს - სასამართლომ კი არ გაამართლა მმართველი პარტიის პოზიცია და არჩევნების შედეგები, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო, არც განიხილა ეს სარჩელი, რამაც ახალი არაკონსტიტუციური სიტუაცია შექმნა, რადგან არალეგიტიმური პარლამენტი არ უნდა შეკრებილიყო არც ჩემს გარეშე და არც საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხის გარეშე.
მოქალაქეებმა სტრასბურგშიც შეიტანეს სარჩელი და ეს არის ბოლო ეტაპი, მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ სტრასბურგი დღეს და ხვალ არ გასცემს პასუხს, თუმცა, ეს ნაბიჯიც გადადგმულია.
არ დარჩა არც ერთი სამართლებრივი, კონსტიტუციური გზა. დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნა და ეს არის ხალხის მოთხოვნა, ჩემი მოთხოვნა, პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა.
სადაც ვიმყოფებით ჩვენ, რჩება ორი გამოსავალი - ერთია, მივაღწიოთ ამ არჩევნებს უმოკლეს დროში და იმ პირობებში, რომელიც აღადგენს ამომრჩევლების ნდობას. მივაღწიოთ შეთანხმებას მმართველ გუნდთან იმაზე, რომ ჩატარდება ეს არჩევნები დათქმულ ვადაში.
დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა საზოგადოების ცალკეულ პირებთან, რომელიც თავისთავად არ არის აკრძალული და შეიძლება, კარგიც იყოს, მაგრამ ამ საკითხზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და მათთან, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში - პარტიები, დამკვირვებლები და ა.შ.
მეორე მხარეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი და რამდენიმე წარმომადგენელი მისი პარტიის, რამდენსაც ის ისურვებს. პრინციპში, მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც მარტო ვიქნები და ვილაპარაკოთ. ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო იმიტომ, რომ ეს კრიზისი აღარ ითმენს და თუ ამ კვირაში მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ, ამ საზოგადოებას უნდა გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ მშვიდობის გასაღები, მაშინ რატომღა გადავდოთ, შევხვდეთ ამ კვირაში, 29 რიცხვამდე. მე მზად ვარ და მივიღებ ნებისმიერ ფორმაში.
თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული ვარიანტი, ეს დიალოგი, არის მეორე ვარიანტიც - მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის. უკვე იშლება ეს რეჟიმი. ეს არის ალტერნატივა - ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა თუ არა და ეს არის რეჟიმის ჩამოშლა.
ეს რეჟიმი თავისით იშლება და არავის ხელი არ ურევია, ეს არის თქვენი ბრალი, ვინც ხართ ძალაუფლებაში იმიტომ, რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე და ვერ დაინახეთ, ამ ქვეყანას როგორ უნდა მოეპყროთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.