2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა. 13 წლის წინ ამ დღეს, გამთენიისას სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ამის მიუხედავად მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას აგრძელებდნენ.
ვითარების დაძაბვიდან მალევე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. ადგილზე ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები აკონტროლებდნენ.
დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე კი რიყის აქციის დარბევა დაიწყო.
2007 წლის 7 ნოემბერს, დღის ბოლოს სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი. დარბევის და ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების შემდეგ, არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა, ამის შემდეგ კი 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
2007 წლის 7 ნოემბერი არის პასუხი კითხვაზე, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, - ასეთია დღევანდელი მმართველი გუნდის შეფასება.
აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დარბევის საქმეზე ევროსასამართლოში რამდენიმე საჩივარი შევიდა, საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, 7 ნოემბრის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან ბრალდებული.
წყარო:https://imedinews.ge/