როგორ ავიღოთ ერთჯერადი საშვი ღამის 22:00 საათის შემდეგ გადასაადგილებლად?
გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადადგილებისთვის ერთჯერადი, დროებითი საშვები მიიღონ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ამისთვის მსურველებმა 144-1-ზე უნდა დარეკონ, რომელიც დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება.
„დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ წესებს – ვატარებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, დღეიდან საქართველოს 7 ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.