ბოკერია: ვაშაძის განცხადება გაუგებარი და დამაბნეველია და ველოდებით განმარტებას, რას გულისხმობს
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, რომ პროცესები ქუჩიდან გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან.
ბოკერიას თქმით, ეს განცხადება არის გაუგებარი და დამაბნეველი და მოუწოდა პარტიის თავჯდომარეს გააკეთოს მკაფიო განცხადება.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს პოზიცია უცვლელია, რომ ამ პარლემენტში შესვლა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რომლის გაკეთებაც მოუწიათ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამ მიეღოთ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში.
“რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა და ველოდებით პარტიისგან, "ნაციონალური მოძრაობისაგან" და მისი თავჯდომარისაგან მკაფიო განცხადებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება არის თუ არა მათ პოზიციაში.
ევროპული საქართველოს პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში.
ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლითვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ მოგებული წაგებულად გამოაცხადოს არჩევნებში ამ მანიპულაციებისა და ნაბიჯების, დაშინებების და ზეწოლის შედეგად.“ - განაცხადა ბოკერიამ.