შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს - გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის ზრდის პოტენციალის შენარჩუნებისა და ყველაზე მოწყვლადი ოჯახების მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მუშაობის შედეგებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
როგორც გახარია ამბობს, სწორედ ეს იქნება მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა.
„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან განაცხადა პრინციპი რესურსების რაციონალური გადანაწილების, პირველ რიგში, როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ დავიწყეთ უკვე ახალი ტალღა მუშაობის, მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაწილში, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში. რამდენიმე კარგად აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის, ეს გახლავთ მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათი მიზნობრივ-სოციალური მხადრაჭერა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების, ისევე როგორც ყველაზე ასე ვთქვათ, დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნესსექტორების საგადასახადო შეღავათების მთელი პაკეტი, რომელიც აქამდე არსებობდა. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები როგორც კონკრეტულ სექტორალურად ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან, რათა ერთად ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი. მეორე, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს როგორც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგები ყველასთვის ნათელი გახდება. ეს იქნება ჩვენი, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ კრიზისში მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
https://1tv.ge/