ბოკერია: არ ვაპირებთ "სირცხვილის კორიდორის" მოწყობას და მასში მონაწილეობას
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის კორიდორებში.
„ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების მეორე ტურის დღეს სირცხვილის კორიდორების მოწყობას და მასში მინაწილეობას, ოღონდ, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ახლა ვინ როგორი ფორმით გამოხატავს პროტესტს იმ სამარცხვინო ამბების გამო, რაც მოხდა პირველ ტურში, არამედ ის ზეწოლისა და წნეხის კორიდორები, რაც გაკეთებული ჰქონდა მმართველ გუნდს პირველი ტურისას და ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რის გამოც ის შედეგები, რაც დაიწერა, ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.
ისე, ამ შემთხვევაში, სირცხვილის კორიდორის წინააღმდეგი ვარ,ზოგადად- არა. კარგი იდეაა ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა, მაგრამ ახლა აქტუალურია შემდეგი საპროტესტო, მშვიდობიანი აქცია, რომელიც იქნება პომპეოს ჩამოსვლის დროს. იქნება კარგი სტიკერები, ცოცხალი ჭაჭვი. ეს იქნება დემონსტრირება იმისა, რომ ქართული საზოგადოება არ იღებს და არასოდეს არ მიიღებს ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესს, დამამცირებელს და ქვეყნისთვის სახიფათოს, რომ თავად გადაწყვეტს, როდემდე იქნება ხელისუფლებაში და არა ამომრჩეველი. ბიძინა ივანიშვილი რაც უფრო მალე მოეგება გონს, რომ ამას შეეგუოს და ახალი არჩევნები დაინიშნოს, მით უკეთესია მისთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.