კალაძე: \'\'სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაბამისად, მოყვება შესაბამისი რეაგირება
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა სისხლის სამართლის დანაშაულია და თუ არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.
„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს ის და ხაზი უნდა გაესვას, რომ მათ რიგებშიც გაჩნდნენ ადამიანები, ვისაც აზროვნების შესაძლებლობა აქვთ და სწორი ხედვა აქვთ. ბევრმა დაგმო ეს ფაქტი იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია. წარმოიდგინეთ, რომ დავდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ამომრჩეველს, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება, მივიდეს არჩევნებზე, ვიღაცებმა მიაყენონ შეურაცხყოფა და ხელი შეუშალონ არჩევნების გაკეთებაში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, რა თქმა უნდა, მას მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი“.