კრიმინალური თავდასხმა ნიკა მელიას შტაბზე - რა მტკიცებულებები გააქრო დამნაშავემ?
კრიმინალური თავდასხმა ნიკა მელიას შტაბზე და საქმეში წინასწარ გამქრალი მტკიცებულებები - კამერა, რომელსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი უნდა აღებეჭდა, დამნაშავემ წინასწარ მოიშორა.
მანამდე, სანამ ორგანიზებულ დანაშაულს ჩაიდენდა, თავდამსხმელმა ნიკა მელიას შტაბთან მდებარე მაღაზიის სათვალთვალო კამერა საპირისპირო მხარეს შეატრიალა. ეს იმის დასტურია, რომ დანაშაული კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო. დამნაშავემ წინასწარ შეისწავლა შტაბის მიმდებარე ტერიტორია და იზრუნა იმაზე, რომ კვალი არ დაეტოვებინა.
ფართის მეპატრონე, სადაც შტაბი იყო განთავსებული, აცხადებს, რომ კარგად იცის, რა მიმართულებით იყურებოდა კამერები, შემთხვევის შემდეგ კი სულ სხვა მიმართულება ჰქონდა მიცემული:
„კამერები ზუსტად ვიცი, საითკენაც იყო მიმართული და რა პერიმეტრს აფიქსირებდა - ერთი კამერა ჩემი შენობისკენ იყო მომართული, ოფისის გადაწვის შემდეგ კი შეტრიალებული აღმოჩნდა. ეს ინფორმაცია პოლიციასაც მივაწოდე, ამის შემდეგ მოხსნეს და ნივთმკტიცების სახით წაიღეს. როგორც ჩანს, დამნაშავე წინასწარ შეემზადა, იზრუნა, რომ ჩანაწერები არ ყოფილიყო და ამის შემდეგ შეუდგა დასახული მიზნის შესრულებას“ - აცხადებს გუჯა ქავთარაძე.
სახურავიდან, საიდანაც დამნაშავემ სავარაუდოდ კამერები შეატრიალა, სამართალდამცველებმა უკვე აიღეს დეენემის ნიმუშები. რაც შეეხება კამერას, ის პოლიციამ უკვე ჩამოხსნა და ნივთმტკიცების სახით საგამოძიებო უწყებაში გადაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას შტაბზე თავდასხმა 16 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. დამნაშავემ ოფისის შუშები ჩაამსხვრია და შიგნით მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა და ინვენტარი მთლიანად გაანადგურა.
წყარო:newposts.ge