ორი აზრი არ არსებობს, მელიას ოფისის დაწვა კატეგორიულად მიუღებელია - თეა წულუკიანი
"ქართული ოცნების" წევრი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას შტაბზე თავდასხმას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ძალიან მალე გაარკვევს, ვინ დგას ამ კრიმინალური ქმედების უკან:
"ბატონი მელიას შტაბზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, არის კატეგორიულად მიუღებელი. რამდენადაც მე ვნახე და ჩემთვის ცნობილია, გამოძიება არის დაწყებული.
ერთადერთი იმედი, რაც მე შემიძლია დღეს ამ ტრიბუნიდან გამოვთქვა, არის ის, რომ გამოძიება ძალიან სწრაფად გვეტყვის, რა არის რეალურად მომხდარი და ვინ შეიძლება იყოს ამ ვანდალიზმის ავტორი, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი და აქ, უბრალოდ, ორი აზრი ვერ იარსებებს" - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას შტაბზე თავდასხმა 16 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. დამნაშავემ ოფისის შუშები ჩაამსხვრია და შიგნით მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა და ინვენტარი მთლიანად გაანადგურა.
წყარო:newposts.ge