თეგებით ძიება

რა კომპლექსები უჩნდებათ ბავშვებს და რა გზებით შეგვიძლია მათი დახმარება - რჩევები მშობლებს

კომპლექსებმა, შესაძლოა, ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იჩინოს თავი და გარკვეული გავლენა იქონიოს მის კეთილდღეობასა თუ წარმატებულ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა მშობელმა ყურადღება მიაქციოს ბავშვის დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ და ეცადოს კომპლექსების დაძლევაში დროულად დაეხმაროს მას.

ფსიქოლოგების აზრით, კომპლექსების უმეტესობა ბავშვობიდან იღებს სათავეს და წლების განმავლობაში გროვდება და ყალიბდება, რაც ძირითადად ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების შედეგად არის გამოწვეული.

არსებობს ე.წ. ლუზერის კომპლექსი, რომლის ჩამოყალიბება, შესაძლოა, სასკოლო ასაკამდე დაიწყოს. ეს უმეტესად იმ ბავშვებს ეხება, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ ან ეზოში თანატოლებთან არ აქვთ კონტაქტი. ასეთი ბავშვები, წესისამებრ, ზედმეტად მზრუნველი მშობლების შვილები არიან. ისინი დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ყველაფერს, რაც სკოლაში ხდება, არ ამჟღავნებენ ინიციატივას, შიშობენ, რომ მათი პასუხები, შესაძლოა, მცდარი იყოს და უმეტესად ჩუმად არიან.

„​ოროსნის ან ფრიადოსნის კომპლექსი“ - უდავოა, რომ სკოლაში ბავშვის ღირსების მთავარი საზომი აკადემიური მოსწრებაა. ასეც კი მსჯელობენ: ფრიადოსანი კარგი ბავშვია, ოროსანი - ცუდი. ვინაიდან, დაწყებით კლასებში მასწავლებელი მოსწავლეზე უდიდეს გავლენას ახდენს, თავად ნიშნებსაც შეუძლიათ, მოახდინონ გავლენა მოსწავლის პიროვნულ შეფასებაზე მეგობრების მხრივ, რაც საბოლოოდ დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს მას.

ბავშვებს ხშირად ახასიათებთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით. მაგალითად, როდესაც პატარა დიდხანს არის მიჯაჭვული უფროსს. ამგვარი გამოცდილება მასში, ერთი მხრივ, ბადებს არასრულფასოვნების განცდას, მეორე მხრივ კი უბიძგებს ბრძოლისკენ – თვითონვე წარმოშობს ამ განცდის დაძლევის ტენდენციას – მოიპოვოს უპირატესობა უფროსებზე.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდებს კომპლექსები უჩნდებათ გარეგნობის გამო. სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვები 8 წლის ასაკში უკვე აფასებენ საკუთარ სხეულს. ამ ასაკში, როგორც გოგონები, ასევე ბიჭები უკვე ღელავენ რამდენად უხდებათ ჯინსი ან ესა თუ ის სამოსი.

მშობლები, რომლებიც ბავშვს შედარებებზე ზრდიან და აჩვენებენ რომ „სხვა კარგია“ ის კი „ცუდი“, მას ნევროტიკად აყალიბებენ. ყველა, ვინც საკუთარ შვილს სხვებს ადარებს, ხაზს უსვამს სხვების უნარიანობას, წარმატებებს და საკუთარი ბავშვის უუნარობას, რითაც უსჯიან ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსს. რომლის დაძლევაც არც ისე ადვილია და ზრდასრულობის ასაკშიც არაერთხელ იჩენს თავს.

5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის განსაკუთრებით რთულად აღიქმება მშობლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „საშინელი ბავშვი ხარ“. პატარა ბავშვი მშობლის ყველა უარყოფით ინტონაციას რთულად აღიქვამს, რაც ღრმად ილექება მის ცნობიერებაში და უჩნდება დანაშაულის კომპლექსი.

არსებობს რჩევები, რომლებიც თითოეულ მშობელს დაეხმარება თავიდან აირიდოს ბავშვის მოსალოდნელი კომპლექსები ან მათი არსებობის შემთხვევაში მათ დაძლევაში დაეხმაროს მოზარდს:

კომპლექსის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას. ყურადღებით მოეკიდეთ ბავშვებს და დაუთმეთ დრო მათთან ურთიერთობას;
დააფასეთ ბავშვის უნარ-შესაძლებლობები. თავი შეიკავეთ ფრაზებისგან: „არ შეგიძლია,“ „უუნარო ხარ,“ „მაინც არ გამოგივა“ და სხვა. აღნიშნული აისახება ბავშვის ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს თვითშეფასების დადაბლებას და შესაძლოა, მოგვიანებით კომპლექსების სახით იჩინოს თავი;
აღნიშნეთ ბავშვის მიერ თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი. ამით, კომპლექსების პრევენციასთან ერთად, მას დაეხმარებით, შეძლოს „დანახვა“ რა არის სასურველი ქცევა, როგორ ქცევას მოელიან უფროსები მისგან და რა მიმართულებით განაგრძოს მან სვლა;
არ შეაქოთ ან შეაფასოთ ბავშვი გადამეტებულად. ბავშვისათვის მიცემული ნებისმიერი შეფასება, შექება თუ წახალისება, ეცადეთ იყოს მისი „გაკეთებული საქმის“ შესაფერისი;
არ შეადაროთ ბავშვი სხვას. დააფასეთ ბავშვი, როგორც ინდივიდუალური არსება და მისი ნებისმიერი უნარი, შესაძლებლობა თუ მოცემულობა განიხილეთ მისსავე თავთან მიმართებაში: რა შეეძლო გუშინ და რა შუძლია დღეს, რას ვერ აკეთებდა გუშინ და რას აკეთებს დღეს და სხვა.
შეაფასეთ ბავშვის ქცევა და არა მისი პიროვნება. თავი შეიკავეთ ბავშვის უნარებზე საუბრისგან, როცა მას რაღაც არ გამოსდის. ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ „შენ ეს ვერ შეძელი/არ შეგიძლია“, უთხარით, რომ „ამჯერად, შენ მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილი/კარგი არ არის“.



izrune.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა