ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა?! ყველაზე საშიში ისაა, რომ ეს უკვე პრეცედენტულია - ლაშა ბუღაძე
მწერალი ლაშა ბუღაძე წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში შეჭრილ ლევან ზურაბიშვილთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგავროვან დამოკიდებულებებს ეხმაურება.
მისი თქმით, ე.წ. „კაკო ყაჩაღი“ ზუგდიდელი დამნაშავის, ბადრი ესებუას, „ვეგეტარიანული ფორმაა“.
“მიკროსაფინანსოს “კაკო ყაჩაღმა” ის მძევლები გამოუშვა, ვინც წასვლა ითხოვაო და სხვები ნებაყოფლობით დარჩნენ მძევლებად? ანუ თანაუგრძნეს თუ გათავისუფლების თხოვნა ვერ შებედეს “ჰუმანისტს”? როგორ ხსნიან ამ უაღრესად დამაბნეველ ასპექტს “სოც-აქტივისტის” გულაჩუყებული მეხოტბეები – მძევლების მიმართ რომ არ იჩენენ დიდ მგრძნობელობას და, პირიქით, ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა?!
მგონი, დიდ სააზროვნო და მორალურ ქაოსში ვართ… ყველაზე საშიში ისაა, რომ ეს ქმედება უკვე პრეცედენტულია (ზუგდიდის ბანკის დაყაჩაღების შემდეგ), ფაქტია, ამ კაცმა ზუგდიდელ დამყაჩაღებელ ესებუას მიბაძა – მართალია, უფრო “ვეგეტარიანული” ფორმით (კიდევ კარგი), მაგრამ ეს არანაირი შეღავათი არ არის ისედაც დაუცველი საზოგადოებისა და მით უმეტეს მძევლებისათვის, რომლებიც თურმე გაგებით უნდა მოკიდებოდნენ ამგვარ სოციალურ “პერფორმანსს”, და მაშინვე მიმხვდარიყვნენ, რომ ყუმბარა უბრალო სანთებელა ყოფილა! აწი გვეცოდინება, ეს მხოლოდ პროტესტი ყოფილა”- წერს ლაშა ბუღაძე.