"ბევრია პაციენტი, ყველა ძალიან გადავიღალეთ, ტელეფონი მთელი დღე არ ჩერდება, ფაქტობრივად, ომში ვართ"
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მოსახლეობას სთხოვს, დაიცვან წესები, რადგან საქართველოში არსებული ეპიდვითარება საშიშ ზღვარს მიუახლოვდა.
„კოვიდი არ დამმართნია, მაგრამ გადაღლილი ვარ. ყველა ძალიან გადავიღალეთ. ბევრია პაციენტი და არამხოლოდ სტაციონარში. ჩემი ტელეფონი მთელი დღის მანძილზე არ ჩერდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ. ბევრი უცნობი რეკავს და ყველასთან ვახერხებთ კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ომში ვართ, ისე ვმუშაობთ. ღამეც არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. მთელი ღამე ზარებს ვპასუხობ, ვერ გავთიშავ, რადგან უჭირთ ადამიანებს და უნდა დავეხმაროთ“, – ამბობს მარინა ენდელაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.