თეგებით ძიება

“ხალხი გაღატაკდება, თავის დაწვამდე ნუ მიგვიყვანენ…” – საზოგადოება საბანკო პროცენტებს ვეღარ იხდის

ბანკში არსებული კრედიტის გადახდა დღეს უკვე დიდი პრობლემაა. საარსებო მინიმუმის იქით ხალხი ვეღარ მიდის, კრედიტის გადახდაზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

ცნობილი სახეები მთავრობის საბანკო სექტორთან შეხვედრას და პროცენტების დაწევას მოითხოვენ.

მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე ამბობს, რომ ამ პრობლემას ვეღარ უმკლავდება და მისი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის თხოვნაა, რომ ბანკებმა შეღავათები გააკეთონ და პროცენტები დაბლა დაწიონ.

ნატო დუმბაძე: – ბინას თებერვლის ჩათვლით ვაქირავებდი. ჩემს ბინაში ცხოვრობდა უკრაინელი ქალბატონი, რომელიც “კარფურში” ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში კი თავის ქვეყანაში წავიდა, დაიკეტა საზღვრები და მას შემდეგ ვერ ვაქირავებ ბინას. დავრჩი შემოსავლის გარეშე. ბანკს ამ სახლის ქირა მთლიანად ფარავდა. კრედიტი იმიტომაც ავიღე, ვიცოდი, რომ გადახდის შესაძლებლობა მქონდა. უკვე აღარ მაქვს.

მადლობა მთავრობის წევრებს, რომ ბანკის სექტორს შეხვდა და პროცენტების გადახდა გაგვიჩერეს, თუმცა მეტი ინფორმირება უნდა ყოფილიყო, რადგანაც შემდეგ, როდესაც უკვე საბანკო ვალდებულებები ჩაგვერთო, აღმოჩნდა, რომ ექვსი თვის პროცენტი, რაც შეგვიჩერდა, ზემოდან დაგვემატა. ეს არც ისე პატარა თანხაა. ნამდვილად არ ვიცი, საიდან უნდა მოვიტანო ეს თანხა. ვერც ვყიდი და ვერც ვაქირავებ. გაყინულ სიტუაციაში ვარ, არა მხოლოდ მე. ძალიან ბევრია ასე, გარშემო თითქმის ყველა.

რა უნდა ვქნა? ბანკში ამ ასაკში უნდა გავშავდე? სახლს ვერ ვყიდი, რომ ბანკის ვალდებულება მოვიხსნა.

მე ბანკს არ ვადანაშაულებ. შემოსავალი რომ არ მქონოდა, ხომ არ მომცემდა სესხს? დღეს უკვე ბანკს არ აინტერესებს ვაქირავებ თუ არა სახლს. ბანკი მთავაზობს რეკოსნტრუქციას. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც აქამდე გადამიხდია, განულდება და თავიდან უნდა გადავიხადო. ვადებულებას ასი ევრო მოაკლდება. აზრი? ამდენად ეს ვერსია ხელს არ მაძლევს. მომართული ვარ იქნებ გავყიდო ან გავაქირავო, რაც არ ხდება. არ ვწუწუნებ.

ასეთ პირობებში კი, როდესაც მსოფლიო ასეთ დღეშია და ფორსმაჟორია, ხომ შეიძლება რომ პროცენტს დაუწიონ? პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ვარ ზუსტი გადამხდელი, მაგრამ ვითხოვ პროცენტის დაწევას. ამას ჩვენ, პატიოსანი გადამხდელები ვერ გადავწყვეტთ. ამისთვის სახელმწიფო უნდა შეხვდეს საბანკო სექტორს და ხალხს ასეთი შეღავათი უნდა გაუწიონ. სახელმწიფომ კარგად იცის, რომ ქვეყანაში გაჭირვებაა და ეს პრობლემა უამრავ ადამიანს უდგას.

მსოფლიო ფორსმაჟორია და ბანკებმა თავი შეიწუხონ და ცოტა ამოგვასუნთქონ.

ალბათ, გაღატაკება მოგვიწევს. მართლა გაგიჟდება ხალხი, ადრე თავს იწვავდნენ და მართლა მაგ ზომამდე ნუ მიგვიყვანენ… ხალხი გასაჭირშია და პანდემიით არ უნდა მოხდეს ამდენი პრობლემის გადაფარვა.

ლელა ლომიტაშვილს ორი მაღაზია ჰქონდა. პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული ვეღარ ამუშავებს და ორივე დახურა. შესაბამისად საბანკო ვალდებულება მძიმე ტვირთად დააწვა.

ლელა ლომიტაშვილი: – ბანკს ხშირად ჰქონდა აქცია, სამ-ოთხ პროცენტად იძლეოდნენ სესხებს. ამას თუ კლიენტურის მოსაზიდად იყენებენ და ერთი წელი შეუძლიათ პროცენტზე დაკლება, ახლა, ასეთ რთულ პერიოდში რატომ არ აკეთებენ მსგავს ექვსთვიან ან ერთ წლიან აქციას? ახლა მოგვცენ ასეთ დაბალ პროცენტში კრედიტი.

ბანკებმა დააპაუზება გააკეთეს, მაგრამ ფაქტობრივად, თვითონ არაფერი დაუკარგავთ. ჩვენ იმ პერიოდის პროცენტსაც ვიხდით. მოგვემატა და გაგვეზარდა პროცენტები, რომელსაც ხალხი ფიზიკურად ვერ იხდის. ყველა ამ გაუსაძლის პირობებშია. ორი მაღაზია დავკეტე. ვერ ვამუშავებდი.

კიდევ უფრო მეტი ვერ გადაიხდის, ჯერ სად ვართ…

მამულიჩა ამბობს, რომ ზაფხულში ბათუმში ჩატარებულმა ლელას კონცერტებმა ბანკის პროცენტების გადახდის საშუალება მისცა. ახალ წლამდე თუ ვერ იმუშავებს, ამბობს, რომ ისევ მოუწევს პროცენტის გადავადების მოთხოვნით ბანკში მისვლა.

კახა მამულაშვილი: პირველი სამი თვე ჩვენც გადავავადეთ კრედიტი. მას შემდეგ ვიხდით. იმედია, საახალწლოდ რამეს ვიმუშავებთ. ვნახოთ აბა, რა იქნება. აქამდე კიდევ ვმუშაობდით და ვახერხებდით გადახდას. თუ არადა, ისევ გადავადებაზე ვიფიქრებ.

სახელმწიფო ვეღარაფერს ვერ მოიმოქმედებს. ყველაფერი ჩამოშლილია. ვატყობ, რომ ყველა ადამიანი თავისი თავის იმედზეა დარჩენილი. არავინ არ ჩანს, რომ ვიღაც გამოვიდეს და ადამიანს იმედი მისცეს. ჯანდაცვა ჩამოშლილია, საპატრიარქო – დუმს…

– და მაინც “ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის”. არაფერი იცვლება.

– ზუსტად ასეა… ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ფარხმალს ვერ დავყრით. ბრძოლაა. მგელი უნდა იყო. ქვეყანაა, მარტო შენ ხომ არ ხარ, მილიონობით ადამიანია ირგვლივ. ჩვენი ბიზნესიც ემოციებზე და ადამაინების განწყობებზეა დამოკიდებული. ფაქტობრივად, არც ერთი აღარ არის. საკონცერტო განწყობა დღეს ქვეყანაში ნამდვილად არ არის.

მსახიობი გოგა გველესიანი ამბობს, რომ მისი ხელფასის დიდი ნაწილი ბანკს მიაქვს, საკვებისთვის ფული თითქმის არ რჩება და რომ არა მეგობრები, შიმშილისთვის არის განწირული. და გოგას მსგავსად რამდენია ამ ქვეყანაში…

გოგა გველესიანი: – თეატრი კი დაკეტილია, მაგრამ ხელფასს ვიღებთ. ეს ის ხელფასი აღარ არის რაც ადრე იყო. ყველაფრის ფასი კატასტროფულად მომატებულია.

მე სესხი ლარში მქონდა აღებული. მერე მივიღე შეტყობინება, რომ ლარმა ინფლაცია განიცადაო და მომიმატეს პროცენტი. გაზაფხულზე ვისარგებლე გადავადებით და ახლა დამემატა ის პროცენტი. ხელფასის ნახევარზე მეტს ვიხდი ბანკში. საკვების ფული არ მრჩება. მე რომ მეგობრები არ მეხმარებოდნენ, პირდაპირი გაგებით – მშიერი დავრჩებოდი. ყოველ თვე ორი მეგობარი მაინც ფინანსურად მეხმარება. დღეს ყველას უჭირს. ყველაფრის ფასი მომატებულია, ბანკმაც გააძვირა პროცენტი. რომ გადავადდა, მეგონა, ის დაპაუზებული პროცენტი მაინც არ დაემატებოდა. ლარმა ინფლაცია თუ განიცადა და მომატებულ პროცენტს ვუხდი ბანკს, ჩემი ხელფასისთვის არ არის ეს ინფლაცია რომ მომიმატონ?

ვფიქრობ, ან ბანკს უნდა ჩამოაწევინონ პროცენტები ქვევით, ან ჩვენ მოგვიმატონ შემოსავლებზე. კიდევ ვიმეორებ – ბანკისთვის თუ არის ინფლაცია, ჩემი ხელფასისთვის რატომ არ არის?

primeambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა