3 სიმპტომი, რომლებიც განიშნებენ, რომ ბავშვის მხედველობა მისახედია
დედას კარგი მხედველობა აქვს, მამასაც, ბავშვს კი სათვალე ესაჭიროება. რა არის ამის მიზეზი? როგორ უნდა შეამჩნიოთ მხედველობის პრობლემები შვილს ან როგორია მხედველობის დარღვევის საწყისი ნიშნები?
ყურადღება მიაქციეთ 3 სიმპტომს:
თვალების ჭუტვა
თუ ბავშვი ხშირად ჭუტავს თვალებს (მნიშვნელობა არა აქვს, რაიმეზე დაკვირვებისას იქცევა ასე თუ ზოგადად ასე იმზირება) - ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ განგაში ატეხოთ. ამ ქცევით ცხადი ხდება, რომ ბავშვი ცუდად ხედავს ობიექტებს, რომლებიც მოშორებითაა განლაგებული. თუ ატყობთ, რომ თვალების ჭუტვა ჩვევად ექცა, განსაკუთრებით ტელევიზორის ყურების ან კითხვის დროს, აუცილებლად მიბრძანდით ოფთალმოლოგთან.
ხშირი თავის ტკივილი
ოფთალმოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ თავის ტკივილი თვალის ზედმეტად დატვირთვის ბრალია. ჰკითხეთ ბავშვს, სად უფრო ძლიერად გრძნობს ტკივილს. თუ შუბლისკენ მიგითითათ, ოკულისტთან ჩაეწერეთ.
სწავლაში ჩამორჩენა
ბავშვები ყოველთვის ვერ ახერხებენ, სიტყვიერად გადმოსცენ, თუ რა უშლით ხელს სწავლაში. იმის გამო, რომ ბავშვი ნორმალურად ვერ ხედავს, რა წერია დაფაზე, რა თქმა უნდა, გაკვეთილს ვერ აითვისებს. შეიძლება, ვერც წიგნიდან კითხულობს ადვილად. ასე რომ, თუ სწავლაში გაუარესებს შენიშნეთ და თუ კითხვისა და წერის დროს აშკარად ატყობთ დაღლილობას, თვალების დაძაბვას, ეჭვი მხედველობის პრობლემებზეც გქონდეთ.
გახსოვდეთ, რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ მხედველობის პრობლემას, ან რაც უფრო ადრე დაიწყებთ სათვალით მკურნალობას, განკურნებაც უფრო ადვილად მოხდება.