გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები, ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის - ამირან გამყრელიძე
ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ორ კვირაში პირველ ადგილზე ვართ, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით, რაც ძალიან ცუდია.
„ჩემი თხოვნაა ყველასადმი, დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის რომ არ არის მარტივი, მაგრამ ახლა აუცილებელია. ვიცი, რომ სოციალურ ქსელში ბევრი მაკრიტიკებს, ბევრი შემართებისთვის მამხნევებს, მაგრამ ახლა არ არის სხვადასხვა პოზიციების დრო, იმიტომ რომ რთული პერიოდია ქვეყანაში. ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის.
ევროპაში ბოლო ორ კვირაში კოვიდით სიკვდილიანობამ გადაასწრო კიბოს, ინსულტს, მეორე ადგილზეა გულის იშემიური დაავადების შემდეგ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. 30 დეკემბერს შესრულდება ერთი წელი კოვიდის გამოჩენიდან და მილიონ 400 ათასი გარდაცვლილია უკვე, გადაასწრო მალარიას, C და B ჰეპატიტს, სიკვდილიანობის სტატისტიკას. ერთი წლის განმავლობაში მოხდა ეს ყველაფერი. სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სექტემბრის 10-მდე მივდიოდით კარგად და ახლა ვართ ისევ პირველ ადგილზე, ოღონდ სხვა მხრივ, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით, რაც ძალიან ცუდია. პირდაპირ გეტყვით, ძალიან საგანგაშო რიცხვებია, რასაც ყველამ უნდა გავუწიოთ ანგარიში და ამ ორი თუ სამი კვირის განმავლობაში, 24 დეკემბრამდე გავუძლოთ ამ სირთულეებს, სხვა გამოსავალი არაა, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან გვაქვს საქმე. გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.