იმ ირმა ინაშვილს რა ვუთხარი, არჩევნებს რომ აღიარებს და პარლამენტში შევა - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება მისი პარტიის პოზიცია.
ინაშვილის თქმით, წარმოუდგენელი იყო ის შედეგი, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „პატრიოტთა ალიანსს“ დაუწერა.
ამასთან, ინაშვილი ამბობს, რომ 8 მარტის ტიპის შეთანხმება და მემორანდუმი უნდა შედგეს იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდება.
„მინდა თვალი გადავავლოთ ჩვენს ყველა არჩევნებს რაც ჩატარებულა ჩვენს ქვეყანაში ბოლო 30 წლის მანძილზე. აღმოვაჩენთ და დავინახავთ, რომ ყველაზე სამართლიანი არჩევნები რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს კომუნისტებმა ჩაატარეს, როცა ავირჩიეთ ზვიად გამსახურდია.
მას შემდეგ ყველა სხვა დანარჩენ არჩევნებს მეტ-ნაკლებად ახლდა სიყალბის ფაქტორი. ხალხმაც ეტაპობრივად დაიწყო იმასთან შეგუება, რომ „ყალბდება რაღაცა ნაწილი და რა ვქნათ“, მაგრამ შეგუებასაც აქვს საზღვარი. ის, რაც მოხდა 2020 წლის 31 ოქტომბერს ეს იყო ყველა ზღვარს გადაბიჯება. გაყალბების მასშტაბი ყველა ზღვარს გასცდა. ასეთი დონის სიყალბე ახასიათებს თურქმენეთს, ტაჯიკეთს. ეს გვინდოდა?! წარმოუდგენელი იყო ის პროცენტი, რაც დაგვიწერეს. იმ ირმა ინაშვილს რა ვუთხარი არჩევნებს რომ აღიარებს და პარლამენტში შევა“, - აღნიშნა ინაშვილმა სატელევიზიო ეთერში