თეგებით ძიება

#პოლიტიკისმიღმა - შაკო კუჭაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ბოლო პერიოდია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და შემფასებელია, როგორც სოციალურ ქსელში, ისე საჯარო სივრცეში.

მისი პოლიტიკური მოსაზრებები ხალხის გარკვეულ ნაწილში კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა.

განსხვავებული პოზიციის მქონე თანამოქალაქეებისგან შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ბრალდებებიც მრავალჯერ მიუღია, თუმცა ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტი მაკრიტიკებლებს ყოველთვის იუმორით პასუხობს.

გადაცემებში, პორტალებსა თუ საგაზეთო ინტერვიუებში შაკო კუჭაშვილს ძირითადად მხოლოდ პოლიტიკური რეალობის შეფასებას სთხოვენ, მაგრამ არასდროს ეკითხებიან პოლიტიკის მიღმა დარჩენილ კითხვებს.

ჩვენ შევეცადეთ შაკოსთვის რამდენიმე, ოდნავ განსხვავებული ხასიათის შეკითხვა დაგვესვა.


- შაკო, როგორ გაჩნდა პოლიტიკის მიმართ შენი ინტერესი?

- 14 წლის ვიყავი, ჩემმა შესანიშნავმა ისტორიის მასწავლებელმა და კლასის ხელმძღვანელმა, ნანა გოგსაძემ მოგვცა თემა დასაწერად.
პედაგოგს აინტერესებდა, როგორ წარმოგვედგინა საქართველოს მომავალი. ჩემმა თემამ უმაღლესი შეფასება მიიღო. ჩემი ნაშრომი მასწავლებელმა სამასწავლებლოში წაიკითხა. ძალიან ამივარდა თავში. ჩავთვალე, რომ ქვეყნის განვითარება შემეძლო, თავი გმირი მეგონა. მას შემდეგ ვცხოვრობ პოლიტიკასთან ერთად, მას შემდეგ ჩემს ყოველდღიურად იქცა პოლიტიკური პროცესის დაკვირვება.

- ისტორიული პერსონაჟებიდან ვისი იდეოლოგია მოგწონს ყველაზე მეტად?

- ისტორია ძალიან მიყვარს. ბანალურად რომ ვთქვა, ისტორიის გარეშე წარმოუდგენელია მომავლის შექმნა. ბუნებით დემოკრატიული ღირებულებების მოტრფიალე ვარ. არსებულიდან, საუკეთესო მართვის ფორმა მგონია, ასე რომ, ამერიკელ მამებს ვცემ პატივს - ჯორჯ ვაშინგტონს, ჯეფერსონს და სხვებს, თუმცა, ცხადია, ჩვენს წარსულშიც ბევრია დემოკრატიული პროცესის შეუქცევადობის დამწყებები მაგალითად, ნოე ჟორდანია და სხვები.
წარმოგიდგენიათ? - ამ ადამიანებმა აშშ-ს მაშინდელ კანონმოწყობასაც კი გაუსწრეს და კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს, რომ ქალებს აქვთ, როგორც ხმის უფლება, ასევე პოლიტიკურ პროცესშიც სრულფასოვნად ჩართვის უფლება. უფრო მეტიც, ევროპაში პირველი ქალი დეპუტატი საქართველოში აირჩიეს, თანაც - მუსლიმი. საქართველო თანამედროვე ტოლერანტობის ერთ-ერთი კერად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
მოკლედ, ყველა ჩემთვის გმირია, ვინც იდეა შექმნა, იდეა - თავისუფლების.

- შენი აზრით, რა პრობლემებია დღეს საქართველოში განათლების მიმართულებით?

- უამრავი პრობლემა გვაქვს განათლებაში. დარღვეულია სკოლებისა და უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპი, უნივერსიტეტებში თვითმმართველობები პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს და ასე შემდეგ.
აი, კონსესუსის მნიშვნელობას რომ ვაცნობიერებდეთ ქართველები, შევიმუშავებდით მრავალპარტიულ გენერალურ გეგმას თუ როგორ წარმოგვიდგენია განათლების განვითარება, მაგრამ არ შეგვიძლია კონსესუსი, გათითოკაცებული ხალხი ვართ.
ხარვეზების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს მიღწევებიც:
მოქმედი მმართველობისას, განათლების სექტორში წინსვლაა, განათლება უფრო ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის და რაც მთავარია, უნდა აღინიშნოს ინვესტიცია მომავალში - ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

- სად ხედავ შენს თავს ოცი წლის შემდეგ?

- ჩემი საქმე ძნელად პროგნოზირებადია, 20 წლის ასაკში მცემენ და 20 წლის შემდეგ საერთოდ ვიქნები? ( იცინის)

- შაკო, შენს სუსტ და ძლიერ მხარეებზე მოგვიყევი..

ძალიან იმპულსური ვარ, ამას ჩემ სისუსტედ ვთვლი, მაგრამ რადგან ვაცნობიერებ, ალბათ დავძლევ.
ძლიერი მხარეებიც მაქვს, ვარ შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ბრძოლისუნარიანი და ასე შემდეგ.. გაცნობის მსურველებს ნომერსაც მივცემ (იცინის)

- პოპულისტი ხარ?

- კი ვარ, უნდა ვიყო კიდეც. პატარა ქვეყანა ვართ, აქტიურები უნდა ვიყოთ, აქტიურობა კი მაინც პოპულიზმში გვეთვლება ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ასე რომ, კი ვარ, სხვა გზა არაა

- მართვის სადავეები რომ შენს ხელთ იყოს, რას გააკეთებდი?

- მართვის სადავეები ხელთ, რომ მქონდეს ძალღონეს არ დავიშურებდი, რომ ეს ხალხი, ეს პატარა ერი, ეს პატარა საქართველო შემერიგებინა. ჯერ შიგნით შემერიგებინა და შემდეგ დაკარგულთან მეცადა შერიგება. სადღეგრძელოსავით არ გამომივიდეს, აღარ გავაგრძელებ.

- კრიტიკას ყოველთვის ხუმრობით უყურებ.. რატომ?


- რასაც ჩემზე წერენ ხოლმე, ხშირად კრიტიკის ფარგლებს ცდება, მაგინებენ ხოლმე (იცინის)
გაინტერესებთ რატომ ვიცინი ამ ყველაფერზე? - მე ვაცნობიერებ ღმერთის და კონსტიტუციის მიერ მონიჭებულ უფლებებს, მათ შორის - სიტყვის თქმის უფლებას და ისინი - ვერა.
ვერც აცნობიერებენ სად არიან და ვის უნდა აგინონ, ვერ აცნობიერებენ ჩემს შინაგან სამყაროსა და ჩემს რეალურ დამოკიდებულებებს.
ხოდა რავი, მე მაქვს სიცილის უფლება და ვიცინი.

ზოგადად, პოზიტიური ვარ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა