რა კორონას მოვუკლივარ და რა შიმშილს, არის დემაგოგია - რომან გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ევროპაში გაჩნდა მცირე მარგინალი ჯგუფები, რომლებსაც კორონადისიდენტებს უწოდებენ. აპროტესტებენ თავისუფლების შეზღუდვას. გასაგებია, დემოკრატიაც ესაა და ხანდახან წყლის ჭავლითაც თუ დაშლიან, ამისთვისაც მზად არიან.
ჩვენთან კორონადისიდენტობა ლამის მეინსტრიმად იქცა.
შენი უფლებაა დალიო რამდენიც გინდა და გამოთვრე როგორც გინდა, მაგრამ ჩემი უფლებაა, არ დაგსვა მანქანაზე რომ არ მომკლა.
შენი უფლებაა კორონავირუსიანმა ისეირნო ქუჩაში, მაგრამ ჩემი უფლებაა, რომ შეგიზღუდო ჩემთან მოკარება.
ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის თავისუფლება.
რა კორონას მოვუკლივარ და რა შიმშილს, არის დემაგოგია. შიმშილმა ადამიანი რომ არ მოკლას, ამისთვის არ უნდა იფლანგებოდეს ბიუჯეტის ფული და მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს.
კორონა კლავს. დღეს დაინფიცერებული 4 ათასი ადამიანიდან ერთ თვეში მოკვდება 80, ხვალ დაინფიცირებული 5 ათასიდან მოკვდება 100.
ეს ხელისუფლება არის დამნაშავე, როცა პანდემია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა და ასევე ჩვენს მთავრობას ემსგავსება ყველა, ვინც პანდემიას ასევე პოლიტიკური მიზნით იყენებს.
ხალხი კვდება. გაიხედეთ, რამდენი ნაცნობი წავიდა ამ ქვეყნიდან. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენთან ვაქცინის გამოჩენამდე (რაც სულაც არ იქნება სწრაფი უებარი საშუალება) წინ კიდევ ექვსი თვეა“ – წერს რომან გოცირიძე.