აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს $2.5-მილიონიანი გრანტი დაუმტკიცა
აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საქართველოს კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე საპასუხო ნაბიჯების ხელშესაწყობად, 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცა.
კორონავირუსის საგანგებო დახმარების საგრანტო პროექტის ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის (APDRF) მიერ ფინანსდება, იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით.
საგრანტო თანხა პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას მოხმარდება, მათ შორის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაზრდას, პირადი დამცავი და ზოგადი სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებას.
„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბოლო თვეებში კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელების გამო განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდის. გრანტი საქართველოს დაეხმარება საპასუხო ქმედებების განხორციელებაში და ის ADB-ის მიმდინარე დახმარების ნაწილია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშესაწყობად, სოციალური დაცვისა და მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად”, - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.
გრანტი ADB-ის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას კორონავირუსის უარყოფითი შედეგების სამართავად. მაისში ADB-მ დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაავადების გავრცელების, ბიზნესზე მისი უარყოფითი გავლენის შერბილებისა და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებად. ოქტომბერში ბანკმა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და სოციალური დაცვის სისტემებში არსებული გამოწვევების დასაძლევად. ADB-მ მიმდინარე წლის აგვისტოში, რეგიონული ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ასევე გამოუყო გრანტი PCR-ტესტის აპარატის შესაძენად. ახალი მოწყობილობა გაზრდის საქართველოს ტესტირების შესაძლებლობას და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ვირუსის უკეთ გამოვლენასა და გავრცელების შეკავებაში დაეხმარება.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.