“პირველ რიგში, უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა\'\' - ლევან რატიანი
“მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსვამთ სიცხის დამწევს თუ ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს. ამასთან, არ ვიღებთ ანტიბოტიკებს, რადგან ანტიბიოტიკი პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ გართულების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფრო მეტად საზიანოა ჯანმრთელობისათვის”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “ფეისბუქზე” ლაივჩართვის დროს განაცხადა.
რატიანმა პაციენტებს, რომლებიც ბინაზე გადიან მკურნალობას, სხვა მნიშვნელოვანი რჩევებიც მისცა. მისი თქმით, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება, კორონავირუსს ჭარბი ოფლიანობა ახასიათებს და შესაძლოა პაციენტმა ბევრი ავადმყოფობის დროს ბევრი სითხე დაკარგოს.
“პირველ რიგში უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი უნდა მივიღოთ ბევრი სითხე”, – განაცხადა რატიანმა,
გარდა ბევრი სითხის მიღებისა, ლევან რატიანის თქმით, აუცილებელია პაციენტებმა ტუტე გარემოს შესაქმნელად ყოველ ორ საათში პირისღრუში სოდიანი წყალი გამოივლონ.
“როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს”, – განაცხადა რატიანმა.
ამასთან, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ პაციენტებისთვის გაზიანი მინერალური წყლის, მაგალითად “ბორჯომის” მიღებაც სასარგებლოა.
Primetime