ამირან სალუქვაძე: დავიმხვეთ თავზე ყველაფერი, ავაფეთქეთ ეპიდვითარება და, ახლა, ჯანდაცვას ვატრიალებთ ყველა ბრუნვაში
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალური ქსელის საშუალებით იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც კორონავირუსის პრევენციისთვის დადგენილი წესების დარღვევა არასოდეს გაუპროტესტებია და გაუარესებული ეპიდ-ვითარების გამო, პასუხისმგებლობას მედიკოსებს აკისრებს.
„ვინც უშვერი სიტყვებით აგინებთ მედიკოსებს, პანდემიის გამო, მერე არ თქვათ სადმე სალუქვაძეს დავუბლოკივარო. ერთ-ერთი მიზეზი ესაა, რისთვისაც ვბლოკავ გაუფრთხილებლად.
ხმა არ დაგიძრავთ, როცა წინასაარჩევნო, ან არჩევნების შემდეგ ხალხმრავალ აქციებს აწყობდნენ, პირიქით, ხელსაც უწყობდით, ან აქეზებდით, ან მონაწილეობდით კიდეც. ხმა არ დაგიძრავთ, როცა სავაჭრო ცენტრებს აწყდებოდა ხალხი.
სხვათაშორის, პანდემიის დროს ფასდაკლებების გამოცხადება, იგივე ე.წ. შავი პარასკევი (თქვენი მარიაჟობა არ გაიშვა, “შავი პარასკევის გარდა ყველაფერია), დივერსიაა. გააპროტესტეთ? ჰოდა, აბა, რას იგინებით? ჯერ ყველაფერს აკეთებთ ჯანდაცვის სისტემის ჩამოსაშლელად და მერე ჯანდაცვას ლანძღავთ.
გგონიათ არ შემეხო საახლობლოში? რამდენიმე დღე-ღამე ახლო ნათესავი სხვა დააავადებებით საავადმყოფოში ვერ დააწვინეს. ზოგიერთ ახლობელს ინფექცია აღმოაჩნდა და ასევე იყო შეფერხებები.
ჩვენ დაგვჭირდა სასწრაფო. ნახევარ საათში მოვიდა. სხვა დროს, ალბათ, ბევრი იქნებოდა ნახევარი საათი. მოვიდნენ დაღლილები. ყავაზე ან ჩაიზეც კი უარს ამბობენ. გააკეთეს თავისი საქმე და წავიდნენ.
ოჯახის წევრებს ჰქონდათ საეჭვო კავშირები შესაძლო დაინფიცირებულებთან. ჩავუტარე ყველას ტესტები. აღმოჩნდა უარყოფითი. ამის მიუხედავად, ყველანი, ექიმების მითითების გარეშე, თითქმის ორი კვირა ვიყავით თვითიზოლაციაში, იმის მიუხედავად, რომ საჭიროება არ იყო. ტელევიზიებში არ დავდიოდი, სახლიდან ვერთვებოდი.
რად უნდა ასეთ საკითხებს გინება და ხმაური? ზოგიერთ ქვეყანაში, შეზღუდვების ფარგლებში, ოჯახის წევრებს ერთმანეთთან კონტაქტს უკრძალავენ.
ჩვენთან დავიმხვეთ თავზე ყველაფერი, ავაფეთქეთ ეპიდვითარება და, ახლა, ჯანდაცვას ვატრიალებთ ყველა ბრუნვაში.
ვის რა გამოძრავებთ, არ ვიცი. კრიტიკა გსურთ, აკრიტიკეთ, ვინ გიშლით, ან ვინ მკითხავს?! მაგრამ, ვინც უშვერად აგინებთ, თანაც ისეთები, ვისაც ბრალი მიგიძღვით, რა საჭირო ხართ “ფრენდებში”? 4 მილიონში სხვას დავიმეგობრებ“ – წერს ამირან სალუქვაძე.