MAKASIA - ყველასგან განსხვავებული, ხელნაკეთი და უმაღლესი ხარისხის თექის აქსესუარები თქვენთვის
#წინასაახალწლოსაჩუქარიბიზნესს - სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, TIA.GE თექის ოსტატს, პროფესიით ეკოლოგ მაკა ქობალიას და მის ნამუშევრებს თექის აქსესუარები/makasia-ს გაგაცნობთ.
საქართველოში ხალხური რეწვა საუკუნეებს ითვლის. ხალხური შემოქმედების მემკვიდრეობას წარმოადგენს თექა - ქსოვილი რომელიც მიიღება მატყლის დამუშავებით ანუ მოთელვით.
ქართული მატყლი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა და 20-მდე დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ გამოიყენება. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილია.
"ამდენ დადებით თვისებასთან ერთად უნდა ავღნიშნო, რომ თექას აქვს ერთი თვისება, თუ ერთხელ დაინტერესდები მისი დამზადებით, შეიძლება ისე მოგაჯადოოს ,რომ თავს ვეღარ დაანებებ. სწორებ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. თუმცა სპეციალობით ვარ ეკოლოგი და მაგისტრატურაც გარემოს დაცვის განხრით დავამთავრე, არასდროს მიმუშავია სპეციალობით. ბავშვობიდან მაინტერესებდა ხელსაქმე და როცა ახლობელმა თექის დამუშავების ანა-ბანა გამაცნო, ისე მოვიხიბლე, რომ თექას ვეღარ შევეშვი, დავიწყე ჩემით ძიება, შესწავლა და უკვე 12 წელია, მაქვს პატარა სახელოსნო, სადაც ძირითადად ღამით ვმუშაობ, რადგან მყავს სამი შვილი და დღისით ისინი საჭიროებენ ჩემ ყურადღებას", - აღნიშნა მაკა ქობალიამ TIA.GE-სთან საუბრისას.
როგორც ხელოვანი ამბობს, შვილები მაქსიმალურად გვერდით უდგანან და ეხმარებიან.
სახელოსნოში ვამზადებ თექის აქსესუარებს: შარფებს, ჩანთებს, ქუდებს, პანოებს, სამკაულებს და ჩემს უსაყვარლეს ყვავილებს. რა ვქნა, ვგიჟდები ყვავილებზე და ბუნების და მცენარეების სიყვარული ეტყობა ჩემ ნამუშევრებს - სულ მინდა, რომ ყველა ნივთი იყოს "აყვავილებული". თითეულ ნივთს დიდი სიყვარულით ვამზადებ. გულს მითბობს იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახარებს მფლობელს.
- ძირითადად ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
- ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ტურისტები არიან, მაგრამ რამოდენიმე წელია შევქმენით ბრენდი სახელწოდებით "makasia" და ფეისბუქ გვერდის საშუალებით, ადგილობრივებისგან ვიღებთ შეკვეთებს. ჩემი მიზანია შევქმნა რაც შეიძლება განსხვავებული და მრავალფეროვანი აქსესუარები. ხშირად ღამეები გამითენებია სიახლის ძიებაში. თექამ ჩემი თავი მაპოვნინა და უკვე შემიძლია ჩემს თავს ხალხური რეწვის ოსტატი ვუწოდო. პანდემიამ ტურისტები კი დაგვიფრთხო, მაგრამ მე უფრო ბრძოლისუნარიანი გამხადა და მონაწილეობას ვიღებ საგრანტო პროექტში "აწარმოე საქართველოში". წარმატებით გადავლახეთ პირველი ეტაპი და ვიბრძვით საბოლოო გამარჯვებისთვის. ამ დაფინანსების მოპოვება ხელს შეგვიწყობს პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში. ვგეგმავთ გაფართოვებას. წინ დიდი გეგმები გვაქვს", - გვითხრა მაკა ქობალიამ.
წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ მაკას, ხოლო თქვენ, დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდს ან დაუკავშირდით: