„კრისტალი“ და IFC უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბიზნესსაქმიანობის მხარდასაჭერად ახალ თანამშრომლობას იწყებენ
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოში მუდმივად ან ხანგრძლივად მცხოვრები უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირების ბიზნესსაქმიანობის მხარდასაჭერად ახალ თანამშრომლობას იწყებენ.
თანამშრომლობა უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების, ასევე, საკონსულტაციო და ბიზნესის მხარდამჭერი მომსახურებების შეთავაზებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს.
IFC-ის ექსპერტებმა „კრისტალის“ გუნდთან ერთად თბილისსა და ბათუმში უკრაინელ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები და ფოკუს-ჯგუფებთან დისკუსიები გამართეს, რაც მათი საჭიროებების შესწავლას, დაკრედიტების პროცესში არსებული ბარიერების იდენტიფიცირებას, აღმოფხვრასა და პროცესის გამარტივებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ პრაქტიკული გზით შეგროვებულ მიგნებებს დაეყრდნობა ის ინიციატივები, რომლებსაც მხარეები უკრაინელ იძულებით გადაადგილებულ პირებს ბიზნესის განვითარებისთვის შესთავაზებენ.
„კრისტალის დამფუძნებლებმა და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომის შემდეგ გავიარეთ ის გზა, რომლის გავლაც ბევრ უკრაინელს მოუწია. ძალიან კარგად გვესმის, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და რა როლს თამაშობს ის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში. სწორედ ეს იყო მთავარი მოტივაცია, რამაც გადაგვაწყვეტინა უკრაინელი მეწარმეებისთვის მხარი დაგვეჭირა და ამგვარი სერვისები შეგვეთავაზებინა,”- აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.
„მცირე ბიზნესის დაწყება უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის თვითდასაქმების და სხვებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობაა. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მათთვის სწორად შერჩეული პროდუქტები და სერვისები უმნიშვნელოვანესია მეწარმეობის ხელშეწყობისა და მასპინძელ ქვეყნებში მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ამიტომაც IFC „კრისტალის“ გუნდს ფინანსური ჩართულობის საკითხებში თავის გლობალურ გამოცდილებას უზიარებს,“ განაცხადა IFC-ის რეგიონალურმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.
აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ იძულებით გადაადგილებულ პირებს ბიზნეს და სტარტაპ სესხები შესთავაზა. პროდუქტები უკრაინის მოქალაქეებს ახალი საქმიანობის დაწყებასა და გაფართოება-განვითარებაში მხარდაჭერას ემსახურება. ამასთან, მათ ალტერნატიული ფინანსური პროდუქტით, ლიზინგით სარგებლობაც შეუძლიათ, რაც სხვადასხვა პროდუქტზე გამარტივებულ წვდომას მოიაზრებს. უკრაინიდან ლტოლვილ ქალებს კრისტალ კონსალტინგის“ სერვისების — ბიზნესკონსულტაციებისა და მენტორობის მიღების საშუალებაც აქვთ.
სწორედ უკვე არსებულ გამოცდილებას დაეყრდნო IFC-სთან ახალი თანამშრომლობაც. პარტნიორობის ფარგლებში, უკვე არსებული პროდუქტებიც გაანალიზდება და უკრაინელი მომხმარებლების უკუკავშირისა და რეკომენდაციების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებებიც
განხორციელდება. შედეგად, ისინი კიდევ უფრო მეტი მსურველისთვის გახდება მიმზიდველი და ხელმისაწვდომი. სამომავლოდ კი საკონსულტაციო მიმართულების ოპტიმიზაციაც იგეგმება.