გიორგი ვაშაძე - 28 აპრილს ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას
28 აპრილს ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, იქნება მსვლელობა. დანარჩენს ნახავთ, რა პროცესი იქნება - 29 აპრილის აქცია არის მშიშარა „ქართული ოცნების“, ძალით მოყვანილი ხალხის ზურგს უკან ამოფარება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის განხილვისთვის 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენა ჩაინიშნა და ოპოზიცია კომიტეტზე აქტიური იქნება.
„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რუსული კანონი არ გახდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინაღობა. დაპირისპირებას თუ ვინმე იწვევს არის „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ნებას ისინი არ გამოხატავენ და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზის საბოტაჟს ახდენენ. ჩვენ კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებულ ფორმებში გვექნება პროტესტიც და მუშაობაც“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან ასევე ისაუბრა 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე.
„29 აპრილის აქცია არის მშიშარა „ქართული ოცნების“, ძალით მოყვანილი ხალხის ზურგს უკან ამოფარება იმისთვის, რომ ანტისახელმწიფოებრივი აქტი განახორციელონ. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეს და უკვე ვხედავთ, ტენდენცია, რომ თელავში, ახალციხეში ადამიანებმა კონკრეტული თანამდებობები დატოვეს. ვფიქრობ, რომ ეს ის მისაბაძი მაგალითია, რომელიც ახლა საქართველოს სჭირდება. ყველასთვის ცალსახად ნათელია - ევროკავშირის გზა 29 აპრილის შეკრებაზე არ გადის, პირიქით, 29 აპრილის შეკრება არის ევროკავშირისკენ სვლის საწინააღმდეგო, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აღნიშნული განცხადება გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან ბათუმში გააკეთა, სადაც რეგიონული მსვლელობის ფარგლებში საერთო სახალხო განხილვებს მართავენ. ვაშაძის თქმით, მთელი საქართველო ერთად უნდა დადგეს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში დაჩქარებული წესით შევიდეს და „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა არ მიეცეს, საქართველო განვითარების მიღმა დატოვოს.
„ევროკავშირი ეს არის დასაქმება, განვითარება. ვფიქრობ, რომ საფრთხე ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ, ერთიანობა. პოლიტიკური ძალები, საზოგადოებრივი ჯგუფები, ყველა ერთად ვართ და საბოლოო გამარჯვების პროცესში მონაწილეობას აუცილებლად ყველა ერთად მივიღებთ“, -განაცხადა ვაშაძემ.