თბილისში 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება - ნახეთ პროექტი
იპოდრომთან, "ქართუ ფონდის" მიერ გაყიდულ 80,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. პროექტის დეველოპერია "ცენტრალ პარკ ავენიუ", რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდისგან 2023 წლის ოქტომბერში შეიძინა. აღნიშნული კომპანიის აქციონერები Wissol ჯგუფი და GD Alco არიან.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ადგილზე შვიდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. უძრავ ქონებაზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩასა და მშენებარე თბილისის ცენტრალურ პარკს შორის მდებარეობს, ექვსი ნაგებობის აშენება იგეგმება. მათ შორის ყველაზე მაღალი ნაგებობა 79 სართულიანი იქნება და მისი სიმაღლე 259 მეტრით არის განსაზღვრული.
შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ჯერ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების, შემდეგ კი სამშენებლო ნებართვის გაცემისა და აშენების შემთხვევაში საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი იქნება. პროექტი გააერთიანებს მულტიფუნქციურ კომპლექსს, რომლებიც ერთმანეთთან სპეციალური ხიდით იქნება დაკავშირებული.
წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ცათამბჯენები საერთაშორისო არქიტექტურული ბიურო Champan Taylor-ის მადრიდის ოფისის მიერ არის დაპროექტებული.
ამჟამად თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი "აქსის თაუერსია", რომელიც 149.5 მეტრის სიმაღლისაა, შესაბამისად აღნიშნული ცათამბჯენი აშენების შემთხვევაში მასზე თითქმის 110 მეტრით მაღალი იქნება.