თეგებით ძიება

თეა წულუკიანი: მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს

” მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს.”


ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამნისტიის კანონპროექტს განიხილავდნენ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატი კომიტეტებზე განხილვის პროცესს უნდა ესწრებოდეს, რადგან არ არის გამორიცხული, პარლამენტმა იმ პირების საკითხი განიხილოს, ვისაც გრძელვადიანი სასჯელი აქვს.

“უვადო პატიმრებს მინდა შევეხო. მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ მგონი სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს.

ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მე მინდა მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ ხმა, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ, ესენი არიან უვადო პატიმრები და ზოგადად პატიმრები,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის არყოფნაზე განცხადება გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემაც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ჩაერთვება.

„მეც მწუხარებას გამოვთქვამ, რომ სახალხო დამცველი დღევანდელ განხილვას არ ესწრება და მეც გამოვთქვამ იმედს, რომ ასე არ გაგრძელდება. მათი მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. დისკუსიის ფუნქცია ეს არის, რომ ერთ მხარეს უფლებების, ინტერესების დაცვა, მეორე მხარეს საზოგადოებრივი ინტერესი და ყველას ჩართულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. როდესაც ის, ვისაც ყველაზე მეტი მოვალეობა აქვს ამ მიმართულებით, აქ პასიურობს, რა თქმა უნდა, ართულებს სწორი ბალანსის მონახვას უშუალოდ დისკუსიის პროცესისთვის და ეს კარგი არ არის. მეც დიდი სიამოვნებით შევუერთდები თქვენს მოწოდებას და ვთხოვ სახალხო დამცველს, ჩაერთოს ამ განხილვებში. ეს იქნება ნამდვილად პროდუქტიული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა