თეგებით ძიება

პენიტენციური სამსახური: ივერი მელაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ვინაიდან პატიმრის პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატისთვის გაგზავნას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია და აცხადებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური და ყველა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, არ არღვევს არც ერთი ბრალდებულის, მსჯავრდებულის უფლებებს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

იქამდე, ბრალდებულის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა შემდეგი განცხადება: „N8 დაწესებულების ნაწილის ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება ჩემთვის, ადვოკატისთვის გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება.“

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. N8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-40 მუხლის თანახმად, პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის კანონით დადგენილ პირთა წრე (საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დსასამართლო და ა.შ.) და რომელთა შორის არ არის ადვოკატი“ - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ამასთან, განმარტავენ, რომ კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების შესაბამის ღონისძიებებს, რათა, თავიდან აიცილონ ბრალდებულებს ან მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა.

„ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია დაუბრკოლებლად შეხვდეს ადვოკატს, მაგრამ ეს არ გულისხმობს რომ ადვოკატმა გამოიტანოს სხვა პირებთან გასაგზავნი კორსპოდენცია დაუბრკოლებლად, ამასთან, ადვოკატთა შესახებ კანონის თანახმადაც, პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანა სცილდება საადვოკატო საქმიანობის ფარგლებს. ამდენად, იმაზე საუბარი, თითქოს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია, საფუძველს მოკლებულია. ი.მ.-ს აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველ ადრესატს გაუგზავნოს წერილი, რომლის ადრესატისთვის გაგზავნას საფოსტო გზავნილის სახით უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება“ - განმარტავს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა