თეგებით ძიება

არ სჭირდება სოხუმს დახმარების მიღება თბილისიდან, აუცილებლობის შემთხვევაში, რუსულ მხარეს მივმართავთ - სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა სერგეი შამბამ ცეცხლის ჩაქრობის პროცესში თბილისის დახმარებაზე უარი განაცხადა.

"სოხუმს არ სჭირდება დახმარების მიღება თბილისიდან, რათა მოხდეს ტყეში არსებული ხანძრის ლოკალიზება,"- აცხადებს სერგეი შამბა.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უწყებები უმკლავდებიან ხანძრის შედეგად წარმოქმნილ მდგომარეობას და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც შამბა აცხადებს, ახლა ადგილზე განსაკუთრებული არაფერი ხდება და დახმარების საჭიროება არ არსებობს.

შამბას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რუს კოლეგებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

„იყო შემთხვევები, როცა რუსული ვერტმფრენები მთიან რეგიონში ხანძრის ჩაქრობაში დაგვეხმარნენ. ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ უფრო რუსულ მხარეს მივმართავთ“, – აცხადებს სერგეი შამბა საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრის დროს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა გაგრაში შექმნილ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ადგილზე ყველანაირი ზომები მიღებულია და ხანძრის ახალი კერები ძირითადად მთიან ნაწილში ჩნდება.

„არსებობს გარანტია, რომ მოსახლეობა და მათი საცხოვრებელი ადგილები არ დაზარალდება. ჩვენი საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სიტუაციას აკონტროლებს და დარწმუნებული არიან, რომ იქ არანაირი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ცეცხლის ჩაქრობის პროცესში დახმარებას სთავაზობს და გამოთქვა მზადყოფნა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მათ ვერტმფრენებითაც დაეხმაროს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა