თეგებით ძიება

ბუკნარის მუსლიმურ სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღავლინეს

სოფელ ბუკნარში, მუსლიმურ სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღავლინეს. ლოცვას საქართველოს მუფთი ადამ შანთაძეც ესწრება.

ჯგუფური ლოცვა ადგილობრივ მუსლიმებთან ერთად სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მუსლიმი თემის წარმომადგენლებმაც შეასრულეს.

რელიგიური რიტუალი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებიან.

მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ლოცვის დაწყებამდე პარლამენტის წევრი „ევროპელი სოციალისტებიდან“ დავით ზილფიმიანი შეხვდა.

„მე შევხვდი როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი თემის წარმომადგენლებს. აქ არ უნდა დავიწყოთ მტყუან-მართლის ძიება, სახელმწიფომ უნდა მოიძიოს იმ ნაპერწკალის მიზეზები, რომელმაც დაპირისპირება გააღვივა და მუდმივად აკონტროლოს ეს ნაპერწკალი. ასევე უნდა აღიკვეთოს მესამე ძალის მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედება. არ უნდა მიეცეს რომელიმე დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას საშუალება, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს შექმნილი სიტუაცია“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

პარასკევის ლოცვაზე საქართველოს მუფთმა იქადაგა, მან მორწმუნეებს ერთიანობისკენ და მიმტევებლობისკენ მოუწოდა.

„როგორც სულხან-საბა ორბელიანის იგავი „ძალა ერთობაშია“ გვასწავლის, ძლიერი ვიქნებით მაშინ, როცა ვიქნებით ერთად, ალაჰი ბრძანებს, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს და ნუ გავკიცხავთ ერთმანეთს“, – მიმართა მრევლს საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ.


1ტვ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა