არ იყო ერთი თაიგულიც კი, რომელსაც ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, არც არავის მოუსამძიმრებია - გიორგი გაბუნია
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, Post Factum, მონოლოგში სახელმწიფო ტელევიზიის სახის, ტელეწამყვან ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ დედის სამძიმარზე საზოგადოებრვი მაუწყებლიდან სამძიმარზე არავინ ყოფილა და მისთვის არც არავის მიუსამძიმრებია.
"თვალწინ მიდგას, როგორი იყო დედა ბოლოს, სრულიად ჭაღარა, თეთრი, დაპატარავებული და საშინლად, საშინლად გამხდარი...უკანასკნელ დღეებში უცებ ჩამოდნა, მე ჩავეხუტე და დავემშვიდობე, სულ რამდენიმე წუთის გარდაცვლილი იყო, ან შეიძლება იმ მომენტშიც კი წავიდა, როდესაც სახლში ფეხი შევდგი.
როგორც ხდება ხოლმე, მისი საფლავი პანაშვიდზე მიტანილი უამრავი ყვავილით გაივსო, იქ იდგა მთავრობის სახელით მოტანილი დიდი გვირგვინი, რომელსაც ეწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, იყო დიდი ყვითელი თაიგულიც, რომელსაც ეწერა ბუბა კიკაბიძისგან, იყო სხვადასხვა ადამიანისგან ძალიან ბევრი უსახელო ყვავილიც, მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოდაც ის იქცა. საქართველოს ტელევიზიის სახელით იქ არც არავინ მოსულა და არც არავის მოუსამძიმრებია.
დედა, მე ჩემი საკუთარი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს, რომლებიც შენი საფლავის ქვას შეამკობს, მე ასე მაქვს ეს ჩაფიქრებული, შენი განსასვენებელი იქნება მოკრძალებული, მაგრამ გარშემო მყოფებისგან ალბათ, ისეთივე გამორჩეული, როგორიც შენ თვითონ იყავი, როგორც თოვლზე ამოსული ყვავილი, იძინე მშვიდად, დედა, მანდ შენ უკვე აღარაფერი შეგაწუხებს" - გიორგი გაბუნია.
სრული მონოლოგი შეგიძლიათ იხილოთ: