თეგებით ძიება

გიორგი ანწუხელიძის ცოლი: ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას!

„ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებამ. მიხარია, რომ საქართველოს გამარჯვება დაიწყო. ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას, ვისაც ამ საკითხზე გული შესტკიოდა“ – ამის შესახებ აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლმა, მაკა ჩიკვილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დიდ ტკივილთან ერთად დღეს ბედნიერია.

„ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებამ. მიხარია, რომ საქართველოს გამარჯვება დაიწყო. ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას, ვისაც ამ საკითხზე გული შესტკიოდა. ჩემთვის ძალიან საამაყოა და უდიდესი პასუხისმგებლობაა გიორგი ანწუხელიძის ცოლობა.

დღეს, უდიდესი სიხარული მქონდა, დადასტურდა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. ეს პირველ რიგში, ჩვენი ბიჭების გამარჯვებაა“, – განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული – გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლის ფასად უარი თქვა საქართველოს დროშის შეურაცხყოფაზე.

შეგახსენებთ, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.


„პრაიმტაიმი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა