თეგებით ძიება

მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის - გიორგი გახარია აშშ-ის პრეზიდენტს წერილს უგზავნის

მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უგზავნის.

„ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებას. ნოემბერში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, ამერიკელმა ხალხმა ნდობა გამოგიცხადათ თქვენ, როგორც ლიდერს, და თქვენს ხედვას ამერიკული იდეალების ხორცშესხმასთან დაკავშირებით როგორც შინ, ისე მთელ მსოფლიოში. ამ ისტორიულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკული დემოკრატიის და ინსტიტუტების სიძლიერე და სიმტკიცე.

ჩვენ საქართველოში ვიზიარებთ თქვენს რწმენას და გვჯერა, რომ თანამშრომლობით ჩვენ გავუძლებთ „კრიზისისა და გამოწვევების ჟამს“ და კიდევ უფრო გაძლიერებულნი გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. თქვენი პრეზიდენტობის დასაწყისი გამოხმაურებას ჰპოვებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით საქართველოში – ამერიკის ერთგულ მოკავშირე ქვეყანაში, რომელიც იზიარებს თქვენს ერთგულებას გლობალური ალიანსების განმტკიცების მიმართ. ჩვენს ერებს შორის მტკიცე პარტნიორობის ფესვები ემყარება საერთო ღირებულებებს და თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, და ჩვენ მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება თქვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თქვენი ფასდაუდებელი დახმარება ჩვენი უახლესი ისტორიის უმძიმეს მომენტებში.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება, ყოველთვის მხარში დაუდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც თავის ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და პარტნიორს. ერთად ჩვენ შევძლებთ დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას მთელ მსოფლიოში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც საქართველომ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საიმედო მხარემ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩემი ქვეყანა დღესაც წარმოადგენს მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილ წვლილის შემტანს ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ გლობალურ უსაფრთხოებას.

მომდევნო წლებში ჩვენი მიზანია საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება. ბუნებრივია, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება წარმოადგენს წარმატების ქვაკუთხედს ევროკავშირსა და ნატო-სთან უფრო მტკიცე კავშირების უზრუნველყოფისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მადლობას ვუხდით აშშ-ს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე ვაფასებთ თქვენი ლიდერობით გაწეულ ძალისხმევას ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ გაგრძელების უზრუნველსაყოფად, რაც ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებების ხორცშესხმას ნატოს სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით.

ამერიკა ყოველთვის ასრულებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას ამ არსებითად მნიშვნელოვან სფეროში. ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულად ინტეგრირებული ძლიერი, უნარიანი საქართველო განამტკიცებს მშვიდობას და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება, გააგრძელოს თანამშრომლობა აშშ-სთან ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების მიზნით. ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს პარტნიორობას და განამტკიცებს ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ამავე დროს, ხელს შეუწყობს რეგიონში ამერიკის სტრატეგიული ინტერესების გაძლიერებას.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ! ვიმედოვნებ, თანამშრომლობის ახალი გზების დასახვის მიზნით, თქვენთან შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება. გისურვებთ წარმატებას ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში თქვენი დიდი ერის ლიდერობაში და თქვენი ხედვის სრულად ხორცშესხმაში: მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – წერს გიორგი გახარია წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მისალოც წერილს უგზავნის ასევე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა