დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვიდან ვერ გვიბედავდა ყველა - შალვა პაპუაშვილი
ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა, დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არ არის და არასდროს ყოფილა ბანანის რესპუბლიკა.
„ბევრს უნდა შიგნით თუ გარეთ, რომ ჩვენ წარმოგვადგინოს ბანანის რესპუბლიკად, სადაც ყოველ მეოთხე, მეხუთე თუ მეშვიდე წელს ხუნტები, პუტჩები და ა.შ. მართავენ გადატრიალებას და შემდეგ, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა და არც არასდროს ვყოფილვართ. აი, საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, არც მაშინ ვიყავით ბანანის რესპუბლიკა. ვიყავით მოწინავე ქვეყანა ბევრი რამის გამო, კულტურითაც ვიყავით და პოლიტიკურადაც ჩვენი რაღაც სათქმელი გვქონდა. დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს ყველა ვერ გვიბედავდა მოსკოვიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“. როდესაც ვლაპარაკობთ – როგორ შეიძლება, რამე ცუდი თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზეო. რატომ არ უნდა ვთქვათ, როდესაც ადამიანი, ფაქტობრივად, ჩვენს სუვერენიტეტს აუქმებს. უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და კადრულობს იმას, რომ დადგეს ოპოზიციის მიტინგზე. ამას რომ გაგიბედავს უცხო ქვეყანა, ასე რომ შეგილახავს სუვერენიტეტს, იქ უთხრა კი არა, ქმედებებიცაა განსახორციელებელი. ასე რომ, რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ნამდვილად იქნება შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომ ყველა მოემზადოს ამ არჩევნებისთვის. სხვათა შორის, საინტერესოა, ამ კითხვას გასცენ პასუხი, აპირებენ თუ არა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.