გიგი გიგიაძე ე.წ. გარეჯის საქმეზე - იმედს ვიტოვებ, რომ ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით
დანიაში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე ე.წ. გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"მთელი გულით ვულოცავ ბატონ ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას, ასევე მათ ოჯახებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გირაოს სანაცვლოდ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. მითუმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!", - წერს გიგი გიგიაძე ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.