თეგებით ძიება

"გილოცავთ! ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია" - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში, საქართველოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"გილოცავთ!
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი (ჩვენი ინფორმაციით პირველ ხუთეულში) უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას. სავარაუდოდ, 30 ათას დოზას, ხოლო შემდგომში ეტაპურად მიიღებს ჯერ მაღალი რისკის ჯგუფების პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას.

ეს შესაძლებელი გახდა ქვეყნის ხელმძღვანელობის, პირადად პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დროული და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად.
დიდი მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ყველა საერთაშორისო ინსტიტუციებს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყნის ძალისხმევას.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რათა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი წარიმართოს უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე.

მოსახლეობის ვაქცინაცია ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების და მით გამოწვეული სიკვდილობის მკვეთრი შემცირების, აგრეთვე ყველანაირი შეზღუდვების და რეგულაციების ეტაპობრივი და უსაფრთხო მოხსნის ყველაზე ეფექტიანი გზაა.
ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას. ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია", - წერს ცერცვაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა