"მე როგორც, განახლებული "ნაცმოძრაობის" სახე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო "მედ გიდის" მმართველობის სადავე და ვირჩევ პოლიტიკურ გზას" - სოფო ჯაფარიძე
"ნაცმოძრაობის" ახალი სახე, სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში იმ პროექტებზე წერს, რაც კოვიდპანდემიის პიკის დროს ქვეყანაში განახორციელეს:
"31 იანვარს, ახალმა ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოადგინა განახლებული თორმეტ კაციანი გუნდი. ჯანდაცვის მიმართულებას პარტიის გადაწყვეტილებით, მე ვუხელმძღვანელებ. მინდა საზოგადოებას დეტალურად მოვუყვე, იმ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის შესახებ, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა ბევრი უძილო ღამის შედეგად მივაღწიეთ.
სამწუხაროდ, სახელმწიფო კოვიდ 19-ის პანდემიას დახვდა მოუმზადებელი, მწირი რესურსით და არ გააჩნდა პროცესების მართვის ბერკეტი. მაშინ როდესაც, კოვიდ 19-ის შესახებ ინფორმაცია არსებობდა ჯერ კიდევ შარშან. ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს მოკლე და გრძელვადიანი გეგმა მსგავსი,თუნდაც უპრეცენდენტო შემთხვევების სამართავად. მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნდა კოორდინაციის რესურსი, ამოქმედდა სახალხო სამედიცინო პლატფორმა მოხალისეების ჩართულობით. თავდაპირველად მას ჰქონდა მხოლოდ ჩვენს გმირ ექიმებთან უკუკავშირის ფუნქცია, შემდეგ როდესაც ადამიანები ვერ უკავშირდებოდნენ სასწრაფო დახმარებას და სასწრაფო დახმარების მანქანების უწყვეტი რიგი იდგა კლინიკებთან ჩვენ ყოველწამიერი ინფორმაცია გვქონდა.
ათეულობით ოპერატორი, რომელთაც გადანაწილებული ჰქონდათ კლინიკების კოორდინატები, 24 საათის განმავლობაში, შესვენების გარეშე უკავშირდებოდნენ კლინიკების წარმომადგენლებს და იღებდნენ ღია, საჯარო, ინფორმაციას თუ სად იყო თავისუფალი საწოლფონდი.15 წუთში ერთხელ გვქონდა განახლებული ინფორმაცია და უკუკავშირი მოქალაქეებთან. შედეგად, ჩვენი უწყვეტი კომუნიკაციის და დროული რეაგირების საფუძველზე შევძელით მოქალაქეების განთავსება კლინიკებში, ამით ასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გუნდის ყველა წევრს და ყველა ექიმს თავდადებული მუშაობისთვის!
მე, როგორც, განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალი სახე, მივიღე ჩემთვის რთული გადაწყვეტილება, დავტოვო სახალხო სამედიცინო პლატფორმა "მედ გიდის" მმართველობის სადავე და ვირჩევ პოლიტიკურ გზას, იმისათვის რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ჯანდაცვის პროგრამებში მივიღო მონაწილეობა ხალხის სასარგებლოდ. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მმართველობის სიმაღლიდან გაცილებით მეტს შევძლებ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება ან დასჭირდება მომავალში", - წერს ჯაფარიძე, ფეისბუქზე.