3 ინგრედიენტი და ყველაზე ჭუჭყიანი ტაფა ახალივით გახდება
თუჯი შედარებით ნელა ცხელდება, მაგრამ სითბოს დიდხანს ინარჩინებს და მთელ ზედაპირზე თანაბრად ანაწილებს. სწორედ ამიტომ ძველებურ თუჯის ტაფაზე მომზადებულ კერძებს განსაკუთრებული გემო აქვს. როგორც არ უნდა ეცადოთ, წლების შემდეგ თუჯის ტაფა ისეთივე სუფთა ვერ იქნება, როგორც თავიდან.
ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ ცხიმისა და ჭვარტლის მრავალწლიანი ნადების მოცილება უკვე შეუძლებელია, ტაფა გადასაგდებად გენანებათ, გასაწმენდად კი ძალა არ გყოფნით.
დღეს ჩვენ გავიხსენებთ ჭურჭლიდან ჭუჭყის მოცილების ძველ ხერხს, რომელიც საშუალებას მოგცემთ ბრწყინვალება დაუბრუნოთ ქვაბებს, ტაფებს, საცხობ ფირფიტებს და გაზქურებს.
ჭურჭლის გასუფთავების ბევრი ხერხი არსებობს, მაგრამ ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. მაშ ასე, ინგრედიენტები მოიმარაგეთ და საქმეს შეუდექით.
ინგრედიენტები:
• 100 გრ სოდა
• 100 გრ სილიკატური ან საკანცელარიო წებო
• 100 გრ მდოგვის ფხვნილი
• 5 ლ წყალი
ჩაიცვით ხელთათმანები და გახსენით ფანჯარა. დიდ ჭურჭელში წყალი ჩაასხით და აადუღეთ. ახლა საჭირო ინგრედიენტები წყალში სათითაოდ გახსენით - პირველად სოდა, შემდეგ წებო და ბოლოს მდოგვის ფხვნილი. თუ ტაფას პლასტიკური სახელური აქვს, მოხსენით, რომ არ დაზიანდეს.
ამის შემდეგ ჩაუშვით ტაფა მდუღარე წყალში და დარწმუნდით, რომ იგი მთლიანად წყლით დაიფარა. ტაფა დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში უნდა ადუღოთ. თუ ძალიან დაბინძურებულია, ეს დრო 45 წუთიდან 1 საათამდე უნდა გაზარდოთ. ამის შემდეგ ტაფა წყლიდან ამოიღეთ, ნებისმიერი სახეხი საშუალებით და ლითონის ღრუბელით გახეხეთ. ეს მეთოდი შესაფერისია თუჯის, ალუმინის და დურალუმინის ტაფებისთვის.
დაბინძურებული ტაფებისა და ქვავების გასუფთავება მეორე ხერხითაც შეიძლება.
ინგრედიენტები:
• 70 გრ საკანცელარიო წებო
• 70 გრ სოდა
• 100 გრ გახეხილი სარეცხი საპონი
• 5 ლ წყალი
ჭუჭყიანი ტაფები და ქვაბები ზუსტად ისე გამოხარშოთ, როგორც წინა შემთხვევაში.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ ტაფამ საკვები არ მიიწვას
ხშირად გამოხარშული ან გახეხილი თუჯის ტაფა საკვებს იკრავს. ეს იმიტომ ხდება, რომ ღრმა წმენდის დროს თუჯი დამცავ საფარს კარგავს. მის აღსადგენად, ტაფა სპეციალურად უნდა დამუშავდეს. ამისთვის კი რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს.
1. ტაფას ყველა მხრიდან წაუსვით ზეთი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში დატოვეთ. ამის შემდეგ ტაფა გააგრილეთ და ჩვეულებრივი წესით გამოიყენეთ.
2. ტაფაზე დაყარეთ მარილი და ცეცხლზე დადგით, სადაც 20-30 წუთის მანძილზე დატოვებთ. პერიოდულად, მარილს უნდა მოურიოთ. ამის შემდეგ ტაფა ცეცხლიდან გადმოდგით, გააგრილეთ და შიდა ზედაპირზე ზეთი წაუსვით.