რა არის როზაცეა და როგორ ვუმკურნალოთ მას?
როზაცეა კანის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობაა, რომელიც გამოხატულია სახის კანის სიწითლით, ხილული სისხლძარღვებითა და ზოგჯერ, აკნეს მსგავსი გამონაყარით. როზაცეას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსახლეობის ყველა სეგმენტსა და კანის ყველა ტიპზე, თუმცა ის ჩვეულებრივ ვითარდება 30 წლის შემდეგ და ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ღია ფერის კანის მქონე პირები. დაავადება უფრო ხშირად დიაგნოზირებულია ქალებში, მაგრამ უფრო მძიმედ მიმდინარეობს მამაკაცებში. მიუხედავად რობაზეას ფართო გავრცელებისა, ხშირად, არასწორად სვამენ დიაგნოზს და შესაბამისად, მკურნალობასაც არასწორად ნიშნავენ, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს პაციენტის მდგომარეობას. ამ ბლოგით კი შევეცდებით, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ როზაცეას სიმპტომებისა და მისი მკურნალობის შესახებ.
რა არის როზაცეა?
როგორც უკვე ვთქვით, როზაცეა კანის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობაა, რომელიც ძირითადად გავლენას ახდენს სახის ცენტრალურ ნაწილზე და ხასიათდება სიწითლით ლოყებზე, ცხვირზე, ნიკაპსა ან შუბლზე. მას შეიძლება ახლდეს წვისა და სიმხურვალის შეგრძნება, ანთებითი გამონაყარი, ხილული სისხლძარღვები, შეშუპებული ცხვირი ან თვალების გაღიზიანება, თუმცა მათ შორის როზაცეას ყველაზე გავრცელებული ნიშანია სახის მუდმივი სიწითლე, რომელიც წააგავდეს მზის დამწვრობას და არ ქრება.
განასხვავებენ ოთხი ტიპის როზაცეას, ესენია:
- ერითემატოტელანგიექტატური: როზაცეას ყველაზე გავრცელებული ტიპია და ახასიათებს მუდმივი სიწითლე, ხილული სისხლძარღვები, შეშუპება, კანის წვა და შეხურება.
- პაპულოპუსტულური: ხასიათდება აკნეს მსგავსი გამონაყარითა და სიწითლით. მისი სიმპტომებია: გამონაყარი ლოყებზე, ცხვირსა და ნიკაპზე, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანი, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება და კანზე აქერცლილი ლაქები.
- ფიმატოზური: აღინიშნება გასქელებული კანი, გამონაყარი და ცხვირის დაზიანება, რომელიც ცნობილია, როგორც რინოფიმა.
- თვალის როზაცეა: გავლენას ახდენს თვალებზე და იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: სიმშრალე, გაღიზიანება და ქუთუთოების შესიება, წვა და სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
რა იწვევს და ამწვავებს როზაცეას?
როზაცეას ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ითვლება, რომ ის შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვებში მიმდინარე ანთებითი პროცესებით, კანის ტკიპით სახელად Demodex folliculorum, ბაქტერიით, სახელად Helicobacter pylori, რომელიც კუჭში გვხვდება, ასტიმულირებს მცირე პოლიპეპტიდის გამომუშავებას და იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ როზაცეა არის მემკვიდრეობითი.
ცნობილია რომ როზაცეა შეიძლება გაამწვავოს შემდეგმა ფაქტორებმა:
- სტრესი;
- მზის სხივები;
- ცხარე საჭმელი;
- სიცხე და სიცივე;
- ალკოჰოლი;
- მაკიაჟის პროდუქტები;
- რძის პროდუქტები;
- კოფეინი;
- მედიკამენტები;
- დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
რაც შეეხება როზაცეას დიაგნოსტიკას, ეს პროცესი მოიცავს პაციენტის კანისა და სიმპტომების საფუძვლიან გამოკვლევას. დერმატოლოგებმა შესაძლოა გადახედონ თქვენს სამედიცინო ისტორიას და გკითხონ პოტენციურ გამომწვევ ფაქტორებზე.
როზაცეას სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა სწორი მოვლა დაგეხმარებათ სიწითლის, გამონაყარისა და სხვა სიმპტომების მართვაში. იმის მიხედვით თუ როგორია თქვენი მდგომარეობა, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ მედიკამენტური მკურნალობა, კანის მოვლის თქვენზე მორგებული რუტინა და ცხოვრების სტილის ცვლილებაც კი, რაც გულისხმობს მზის სხივებისგან თავის დაცვას, თავის არიდებას ალკოჰოლის, კოფეინისა და ცხარე საკვებისაგან, ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესის შემცირება და მძიმე მაკიაჟისა და ინტენსიური ვარჯიშისგან თავის შეკავება.
გარდა ამისა, როზაცეას მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს ისეთ პროცედურებს, როგორებიცაა: ლაზერები, რომლებიც იყენებენ ინტენსიურ შუქს გადიდებული სისხლძარღვების მოსაშორებლად, დერმაბრაზია, რომელიც ასუფთავებს კანის ზედა ფენას და ელექტრული დენი, რომელიც შლის დაზიანებულ სისხლძარღვებს.
შეჯამება
როზაცეას სიმპტომებთან გამკლავება შეიძლება რთული იყოს, თუმცა სწორი მკურნალობისა და ცხოვრების წესის შეცვლით, შესაძლებელია სიმპტომების მართვა და სრულფასოვანი ცხოვრება. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა გადამწყვეტია მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად. გამომწვევი მიზეზების დადგენით, კანის მოვლის ნაზი რუტინის შემუშავებითა და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის მოძიებით, შეგიძლიათ ეფექტურად გააკონტროლოთ სიმპტომები და გაიუმჯობესოთ თქვენი კანის სტრუქტურა და ვიზუალი. თუ გეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, გაიარეთ კონსულტაცია დერმატოლოგთან, რათა შეიმუშაოთ პერსონალიზებული მკურნალობის გეგმა, რომელიც შეესაბამება თქვენს სპეციფიკურ საჭიროებებს.