14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ქობულეთში, 14 წლის ნინი ცეცხლაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუას სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
პროკურატურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გოგოს თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს ბაბუას არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, დაკავების შემდეგ დაკითხვისას, მან აღიარა რომ შვილიშვილის მიმართ ძალადობდა. რა გახდა 14 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი- ამას გამოძიება დაადგენს. ქობულეთის პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება.
14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი ნახა. არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა.