გთხოვთ, აიცილოთ ეს საქმე - ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლეს
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილის აცილებას ითხოვენ. ამ შუამდგომლბით მათ მოსამართლეს სასამართლო პროცესზე მიმართეს.
მელიას უფლებადამცველების განცხადებით, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნიკა მელიას დაკავებას აპირებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული. ეს მიუთითებს, რომ შსს აპირებს მის დაპატიმრებას. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ახმოვანებთ. თქვენს მიმართაც არ აქვთ პატივისცემა, რომ დალოდებოდნენ თუნდაც გადაწყვეტილების გაჟღერებას. არსებობს გარემოება, რაც თქვენს დამოუკიდებლობას აყენებს ეჭვქვეშ და მოგმართავთ შუამდგომლობით, საქმე განიხილოს მოსამართლემ, რომელიც არ იქნება სხვების გამხმოვანებელი. გთხოვთ, აიცილოთ ეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა "ნაცმოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.