მელიას ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვდნენ, თუმცა მოგვიანებით გადათქვეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლეს სხდომის გადადების მოთხოვნით მიმართეს. ხვალ, 12:00 საათისთვის სხდომის გადადების მოთხოვნით, დაცვის მხარემ ნინო ჩახნაშვილს დღეს რამდენჯერმე მიმართა.
„თქვენგან რაც გავიგე, არის ის, რომ იქვე არის „პეპელას“ ბაზა, სადაც სპეცრაზმი არის ეკიპირებით მობილიზებული. ინფორმაციას ვარკვევ, პროკურორებმა გააჟღერეს ეს ინფორმაცია, რომ ეს მობილიზება, შესაძლოა, იყოს ერთი ჩვეულებრივი რაღაც ღონისძიება. თუმცა ისინიც ეყრდნობოდნენ საჯარო კადრებს, რომელიც ჩვენი აღქმით და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების სრული უმრავლესობის აღქმით, არის მობილიზება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. ეს ხალხი არის სპეცრაზმის შესაბამისი აღჭურვილობით და არიან მიკროავტობუსებში განლაგებული, სხვა რა უნდა ვიფიქროთ. ბრალდების მხრიდან ველოდებოდი, რომ შეიძლება გადაამოწმეს და გვეტყოდნენ, რომ დღეს არის პირობითად, კონკრეტული წვრთნა, რადგან ასე ფაქტად გაასაღა ბატონმა პროკურორმა, რომ ეს არ უკავშირდება ნიკა მელიას არანაირადო. ამის კონკრეტული მტკიცება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. გთავაზობთ, რომ გადავდოთ ეს პროცესი. გთავაზობთ, რომ აცილების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ხვალ დილის 12:00 საათზე გაგრძელდეს პროცესი“, – განაცხადა მელიას ინტერესების დამცველმა, ბექა ბასილაიამ.
მოგვიანებით, მელიას ადვოკატებმა კონსულტაციების შედეგად, საკუთარი შუამდგომლობა პროცესის გადატანის შესახებ გააუქმეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი იმართება. პროკურატურა მელიას დაპატიმრებას ითხოვს. ადვოკატებმა მოსამართლეს თავის აცილების შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა ნინო ჩახნაშვილმა მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისის მიმდებარედ, სამართალდამცველებისა და სპეცრაზმის მობილიზება ხდება.