ელისაშვილი ღარიბაშვილს - რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, „ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში“ თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან?
რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, როგორც თქვენი წინამორბედი პრემიერი იტყოდა, „ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში“ თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან? - აღნიშნული კითხვით პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა.
“რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა: ირაკლი ღარიბაშვილს ვაფრთხილებდი, რომ მისი მთავარი პრობლემა ნათესავები იქნებოდაო. შემდეგ თქვენც დაადასტურეთ, რომ თქვენი პრობლემა მართლაც ნათესავები იყო და თქვით, რომ ამ ხალხთან გარჩევები გქონდათ - ზოგიერთი მათგანი ჩვენთან სახლში ვერც მოდისო. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებდით ამ ხალხს სახლში, რა დააშავეს მათ და იყო თუ არა ეს ხალხი ე.წ. კახური კლანი, როგორც მედიაში მოინათლა? იყვნენ თუ არა ისინი კორუფციულ სქემებში ჩართული? და თუ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართული, რამდენად ადეკვატურია, რომ ამ ხალხს უბრალოდ სახლში უშვებთ? იქნება მათ სისხლის სამართლის წესით უნდა ეგოთ პასუხი?“, - მიმართა ღარიბაშვილს ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს.