"დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია" - ოპოზიცია მოლაპარაკების გაგრძელების პირობებს ასახელებს
ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის დღის ბოლოს გაკეთებულ განცხადებას ცინიკურს უწოდებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება არსებულ ვითარებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს ნიკა მელია იჯდება და საუბრის თემა ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი იქნება.
ამავე დროს ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ პრემიერის რიტორიკა წინა დღესთან შედარებით შეცვლილია და ამის მიზეზად დასავლეთის რეაქციას მიიჩნევს.
"ცინიკურია ღარიბაშვილის ის განცხადება, ერთი ხელით ადამიანი როდესაც გთავაზობ რომ დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ და მეორე ხელით არის ავტორი იმ ყველაფრისა, რომლის მომსწრე მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო იყო, თუ რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის პარტიის ოფისში. ჩვენ მზად ვართ დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ იმ პირობებით, რომ ამ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ შექმნილ კრიზისს მხოლოდ გონივრულ ვადაში ახალი არჩევნების დანიშვნის გამოცხადება განმუხტავს.
"დაუგვიანდა ბატონ ღარიბაშვილს ტონის შერბილება, ცხადია რომ მან ეს ტონი შეარბილა ნაწილობრივ იმიტომ რომ დაინახა ასეთი მკვეთრი რეაქცია დასავლეთიდან. ტონის შერბილება თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ არაფერი აღარ განმუხტავს ამ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს, გარდა გონივრულ ვადაში ახალი არჩევნების დანიშვნის გამოცხადებისა,“ - ამბობს არმაზ ახვლედიანი.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პრემიერ მინისტრის საუბრის ფორმა, რომელსაც ის ოპოზიციის მისამართით იყენებს, მოლაპარაკების მაგიდას აზიანებს.
"შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია ქართული ოცნება რეალურად იყოს განწყობილი მოსალაპარაკებლად," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, რაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის პროტესტის მორიგი ტალღის მიზეზი გახდა, პარლამენტთან კი კლავ კარვები გაიშალა.