პროფესორ-მასწავლებლები მთავრობას: უარი თქვით ქვეყნის დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე
პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივ პეტიციას ავრცელებენ და მთავრობას მოუწოდებენ, რომ უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე.
მათი თქმით, შექმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია.
"შეშფოთებას გამოვთქვამთ და ვგმობთ ხელისუფლების მზარდ სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ. აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღეს, ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო. ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის. ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს არ უწყობს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გაცხადებული ფასეულობების დამკვიდრებას და გარდაუვლად ზრდის დასავლური პარტნიორების სკეპტიციზმს", - ნათქვამია პეტიციაში.
მათივე შეფასებით, ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკის გაგრძელება, შეასუსტებს მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერას, რაც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, საქართველო რუსეთთან პირისპირ და მარტო აღმოჩნდება.
პეტიციის ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ სწორად გააანალიზონ არსებული რისკები და მიუსადაგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე.
"ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:newposts.ge