რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერების აქცია დასრულდა
რუსთავის N12 ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერების აქცია დასრულდა.
ენმ-ის თავმჯდომარის გასამხნევებლად მხარდამჭერები თბილისიდან რამდენიმე ათეული მანქანით ჩავიდნენ.
ისინი სკანდირებდნენ: "თავისუფლება ნიკა მელას".
ჩართეს საქართველოს ჰიმნიც.
"ვაპროტესტებთ უკანონობას და უსამართლობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, როცა ქვეყანაში ერთ ადამიანს ეკუთვნის ყველა ინსტიტუტი და როცა უნდა, მაშინ გაასამართლებს. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე ნიშნული ამ ქვეყნისთვის. ამიტომ, იმედია, გაიგებს ჩვენს ხმას აქედან". - თქვა ხატია დეკანოიძემ.
"ნიკა მელიას პატიმრობა, ისევე, როგორც გიორგი რურუასი, მალე დასრულდება. დასრულდება ან ივანიშვილის მმართელობის პირობებში, ან ივანიშვილის მმართველობა დასრულდება მალე. წლების განმავლობაში საქართველოს ნაშენები რეპუტაცია ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა სასწორზე შეაგდეს ასე უპასუხისმგებლოდ და პრაქტიკულად, დაანგრიეს. გვინდა, ადამიანურად გავამხნევოთ ჩვენი მეგობარი და სიმტკიცე ვუსურვოთ. ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს". - თქვა გიგი უგულავამ.
ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვლის დილით დააკავეს.