„გილოცავ, ისევ 26-ის გახდი. განა ბევრს შეუძლია ეგრე?“ - გიორგი სანაიას შვილის ემოციური პოსტი
დღეს, მოკლული ქართველი ტელეჟურნალისტის, გიორგი სანიას დაბადების დღეა. მას 46 წელი შეუსრულდებოდა.
გიორგი სანაიას სოციალურ ქსელში მეგობრები და ოჯახის წევრები იხსენებენ. facebook-ზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა მისმა შვილმა, სანდრო სანაიამაც.
“26 წლის გახდი ისევ. მეოცედ ოღონდ. 20 წელია 26 წლის ხდები. ამასობაში მეც დაგეწიე. 1 წელიწადში ტოლები ვიქნებით. ოღონდ მე დავბერდები და მერე გაგასწრებ. რამდენი ციფრია ისე, რა ამბავია. შენი შვილობა უფრო ძნელია, ვიდრე ჩემი მამობა. მარა რა მამა-შვილობა? იმენა ძმაკაცები უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც. მარა იმ ძმაკაცების რიცხვს განეკუთვნები, ცოტა რიდი რო მაქვს. ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როცა მეუბნებოდნენ, აბა შენ იცი, მის გზას გაყევიო. მომაკრეს იარლიყი და გამანადგურეს მაგით. იმხელა თამასა დამიდეს, ვერც კი მივწვდი, ნი ტო შტო – გადავახტი. გილოცავ, ისევ 26-ის გახდი. განა ბევრს შეუძლია ეგრე?”, – წერს სანდრო სანაია.
გიორგი სანაია დაიბადა 1975 წელს, სამეგრელოში. შემდგომში საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1997). სტუდენტობის პერიოდშივე მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. უკანასკნელ წელბში კი ის სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" წამყვანი და ჟრნალისტი იყო. აქ გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ „ღამის კურიერი“.
2001 წლის ივლისში, გიორგი სანაია საკუთარ ბინაში მოკლული ნახეს. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.